პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს
loader

Breaking news

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს

  • პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს

თბილისი: პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არის ბეჟან გუნავაც.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, სამი ადამიანი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

"სამი პირი არის დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ისინი, ვინც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მყისიერად იქნა ზომები მიღებული და დავაკავეთ. მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი მოვიდა აქციაზე, არ დაემორჩილენ პოლიციას და შესაბამისად მოხდა რეაგირება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

რუსთაველის გამზირზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც სპორტის სასახლეში „პატრიოტთა ალიანსის“ შეკრების შემდეგ პარტიის მხარდამჭერები და ბეჟან გუნავა პარლამენტთან მივიდნენ და უნდოდათ, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები ტერიტორიიდან გაეყვანათ, რათა აქცია თავად გაემართათ. მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

„ჩვენ ამათ აქედან გავაძევებთ. მე, ბეჟან გუნავა გაძლევთ ამის პირობას. რა გეგმა გვაქვს? სიმსივნე – ევრონაცების სახით საქართველოში უნდა ამოვკვეთოთ, შემდეგ ქრონიკული დაავადება, „ქართული ოცნება“ ზედ უნდა მივაყოლოთ და ხელისუფლება უნდა დავუბრუნოთ ხალხს. სამართალდამცველები იქცევიან არაკანონიერად, არ გვიშვებენ აქციაზე. მეც ვაკეთებ აქციას. ესენი არიან დაქირავებული ერის მოღალატეები. დღეს ამ ქათმებმა შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატ ემზარ კვიციანს“, – განაცხადა ბეჟან გუნავამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე