"ადამიანი თუ სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობს, მისთვის გარდაცვალება არის საერთოდ ყველაფრის დასასრული"
loader

Breaking news

"ადამიანი თუ სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობს, მისთვის გარდაცვალება არის საერთოდ ყველაფრის დასასრული"

  • ადამიანი თუ სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობს მისთვის გარდაცვალება არის საერთოდ ყველაფრის დასასრული

თბილისი: ადამიანი, რომელიც კეთილად შექმნა ღმერთმა, სულიერი საკითხებისადმი ზერელე დამოკიდებულებისა და თავისადმი უკრძალველობისა და დაუდევრობის შედეგად, ბოროტი სულის თავშესაფრადაც კი შეიძლება იქცეს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

"ადამიანი თუ სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობს, მისთვის გარდაცვალება არის საერთოდ ყველაფრის დასასრული, უბედურებათა უბედურება; თუმცა როგორც ქრისტიანებმა, სულიერი თვალით რომ შევხედოთ ამ საკითხს, ისე, როგორადაც ამას უფალი ჩვენი გვასწავლის, ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ცხოვრება კი არ მთავრდება, არამედ გრძელდება. პრობლემისგან თვალის დახუჭვა პრობლემას არ ხსნის, არ აუქმებს, არამედ, პირიქით, შენ გამყოფებს სიბნელესა და უმეცრებაში.

ადამიანი ამ სამყაროში ეძებს ბედნიერებას, სიხარულს და, მიუხედავად იმისა, რომ ეს სავსებით გასაგებია და გარკვეულწილად მისაღებიც კია, ამან მთავარი საფიქრალი არ უნდა გადაფაროს, მთავარი თემა არ უნდა დაგვავიწყოს. დღეს ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ იმ საოცარ დღეს, როცა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახით შევიძინეთ განსაკუთრებული მეოხი ღვთის წინაშე და ლოცვით მივმართავთ მას: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიე და გვაცხოვნენ ჩვენ! ყოვლადწმიდა მარიამი არის არა მხოლოდ იესოს დედა, არამედ ის არის ყველას მზრუნველი დედა, და მაგალითი დედობისა, სიწმიდისა და იმ სიყვარულისა, როგორი სიყვარულითაც უნდა უყვარდეს დედას თავისი შობილი.

თითოეული ადამიანი, როგორც წმიდა მოციქული ბრძანებს, არის ტაძარი ღვთისა; ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არის ცოცხალი ტაძარი და რამდენადაც ადამიანს ღმრთისგან მინიჭებული აქვს თავისუფალი ნება, მის თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული, თუ რას დაუთმობს ადგილს თავის თავში; სულიწმიდის მადლს მოიხვეჭს და სინათლით აღავსებს, თუ სიბნელისა და უკეთური სულის თავშესაფრად აქცევს მას.

ადამიანი, რომელიც კეთილად შექმნა ღმერთმა, სულიერი საკითხებისადმი ზერელე დამოკიდებულებისა და თავისადმი უკრძალველობისა და დაუდევრობის შედეგად, ბოროტი სულის თავშესაფრადაც კი შეიძლება იქცეს. აი, ასეთ შემთხვევაში კი ადამიანი ვეღარ აკონტროლებს თავის ქმედებას, ვეღარ განკარგავს თავის თავს და თავისუფალი ჰგონია თავი, როცა სჩადის ათასგვარ სიშლეგეს. სინამდვილეში კი იგი რეალურად არის შეპყრობილ მდგომარეობაში, და მას ესაჭიროება სულიერი დახმარება, საჭიროა მისთვის აღვლენილი იქნეს ლოცვები; უაღრესად მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანისთვის ეკლესიური ერთობის ლოცვა. ამიტომაცაა, რომ ჩვენ ვლოცულობთ ყოველთა და ყოვლისათვის; თითოეული ადამიანისთვის და არა მხოლოდ ოჯახის წევრისთვის. როგორც ერთი ღმერთის შვილებს, ერთი სულიერი ოჯახის წევრებს, გვმართებს მეტი ურთიერთპატივისცემა და სიყვარული, სულიერი მზრუნველობა, ერთმანეთისთვის ლოცვა და თანადგომა; ამაშია ჩვენი ძალა. ჩვენ გვყავს ერთმანეთი, და ჩვენთან არს ღმერთი!", - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე