"ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა თავის თავში ცოდვა და ვნება დაამარცხოს"
loader

Breaking news

"ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა თავის თავში ცოდვა და ვნება დაამარცხოს"

  • ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა თავის თავში ცოდვა და ვნება დაამარცხოს

თბილისი: აზრი სულიერი ცხოვრებისა არის თავშეკავება იმისთვის, რომ დავანახოთ უფალს, რომ გვინდა გადარჩენა, სულის განკურნება, -ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"დღეს ჩვენ ვფიქრობთ პირველ რიგში იმაზე, ჩვენ გვეხება თუ არა ეს სახარება პირადად. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ლოცვა უმთავრესია, რადგან მხოლოდ ლოცვით ხდება ჩვენი სულის განკურნება, სულის ცხონება და ლოცვა აუცილებელია.

მარხვაც აუცილებელია, რომ ადამიანური ნება გამოვაჩინოთ. მაგრამ ჩვენ რაში გვეხება ეს სახარება, თითქოს ჩვენ ხომ არ ვართ ეშმაკეულები?! ეკლესიის მამები ამბობენ, რომ ჩვენ არ ვართ სრულიად ეშმაკეულები, მაგრამ ჩვენ გარკვეულწილად ეშმაკს ვემონებით, როდესაც ვმოქმედებთ ვნებებით - მრისხანებით, შურით, სხვადასხვაგვარი ვნებით.

როდესაც ამ ვნებით ვართ შეპყრობილი, ეშმაკის გავლენაა ჩვენზე. საწყისი ამ ვნებების დემონური სამყაროა. სხვათაშორის, ეს ბავშვებსაც ეტყობათ. ბავშვობიდან ვართ ჩვენ ასეთები. სულ პატარა ბავშვიც კი ავლენს ამ ვნებებს, თუ ყურადღების ცენტრში არ არის, ისე ცუდად იქცევა, რომ მოექცეს ყურადღების ცენტრში. ეს ჩვენი დაცემული, დაზიანებული ბუნებაა. მაგრამ ბავშვი არ არის სრულიად დამონებული.

ეშმაკეულს არ ვეძახით არც ბავშვს, არც დიდს, თუ არ არის ის სრულიად დამონებული დემონური ძალისგან. ბავშვი შეიძლება აღვზარდოთ, გავართოთ და ასევე აქვს ზრდასრულსაც უნარი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ძალას. ამიტომ მარხვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ეს არ არის მხოლოდ საჭმლისგან თავის შეკავება. ეს მხოლოდ პირველი საფეხურია. ეს არის თავშეკავება ფიქრებისგან, არაწმინდა გულის სიტყვებისგან, ქცევისგან, რაც უფალს ეწინააღმდეგება. ეს არის მარხვის მნიშვნელობა.

ლოცვაც არის აუცილებელი იმიტომ, რომ ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა თავის თავში ცოდვა და ვნება დაამარცხოს. აზრი სულიერი ცხოვრებისა არის თავშეკავება იმისთვის, რომ დავანახოთ უფალს, რომ გვინდა გადარჩენა, სულის განკურნება და ვევედრებით მას, შეგვეწიოს ამაში, რათა გავხდეთ სასუფევლის მკვიდრნი", - განაცხადა მეუფე შიომ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე