ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეროვნული გვარდიის ოცეულის როტაცია განხორციელდა
loader

Breaking news

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეროვნული გვარდიის ოცეულის როტაცია განხორციელდა

  • ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ეროვნული გვარდიის ოცეულის როტაცია განხორციელდა

თბილისი: საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში მსუბუქი ქვეითი ოცეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს მნიშვნელოვანი დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა, მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ჯარისკაცები საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სამხედრო კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.

ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გამართულ ღონისძიებას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს მოადგილე, მესამე რანგის კაპიტანი, შარლ-ვიქტორ ორი და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ეროვნული გვარდიის მსუბუქი ქვეითი ოცეულის ჯარისკაცები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) მეოთხე როტაციას ახორციელებენ. ქართული კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ განთავსდება. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენს.

დღესვე ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე საშტაბო ასეულის ახალწვეულთა ფიცის მიღების ცერემონია გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულში ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე