"მე და ნიკა გვარამია თანხაზე ვერ შევთანხმდით და მან სხვა ობიექტი ნახა, "ასტრა პარკი“ ჩემი არ არის"
loader

Breaking news

"მე და ნიკა გვარამია თანხაზე ვერ შევთანხმდით და მან სხვა ობიექტი ნახა, "ასტრა პარკი“ ჩემი არ არის"

  • მე და ნიკა გვარამია თანხაზე ვერ შევთანხმდით და მან სხვა ობიექტი ნახა ასტრა პარკი ჩემი არ არის

თბილისი: ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა უარყოფს, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიისთვის ფართი მიჰყიდა. ამ საკითხზე კომენტარი მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. 

მისი განმარტებით, გვარამიასთან ფართზე მოლაპარაკება ჰქონდა, მაგრამ უძრავი ქონების ფასზე ვერ შეთანხმდნენ. 

ლაურა ღაჭავას თქმით, მან ნიკა გვარამიას თბილისში რამდენიმე ადგილზე არსებული ფართი შესთავაზა, მაგრამ მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა, საბოლოოდ კი გვარამიამ დიღმის მასივში მდებარე "ასტრა პარკის“ ყოფილი შენობა შეიძინა.

რაც შეეხება საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალის წაყენებას, ლაურა ღაჭავა ამბობს, რომ ამაში პოლიტიკურ მოტივებს ვერ ხედავს და საქმის მასალების გაცნობას ელოდება.

"ჩემთვის ეს გაუგებარია. საქმის კურსში არ ვიყავი რა ხდებოდა. საგადასახადოდან და ფინანსური პოლიციიდან გეგმურად შემამოწმეს და თქვეს, თითქოს ნავთობი ყალბი დღგ-ს ფაქტურებით შემოვიტანე. ეს არ არის სიმართლე. რაც შეეხება „მთავარ არხთან“ დაკავშირებულ საკითხს, ადრე უძრავი ქონების სააგენტოებს განვუცხადე, რომ ობიექტებს ვყიდი. ყველაფერზე ყადაღა მიდევს და ბანკების ძალიან დიდი სესხები მაქვს, ამიტომ იძულებული გავხდი ქონება გამეყიდა. მე და ნიკა გვარამია კი თანხაზე ვერ შევთანხმდით და მან სხვა ობიექტი ნახა. მე რამდენიმე ობიექტის გაყიდვა მინდოდა. ერთი აეროპორტის ტრასაზეა, მეორე - დიღომში. „ასტრა პარკი“ ჩემი არ არის.  ჩემი ობიექტები პატარაა - 1200 და 1600 კვადრატული მეტრები და მათ უნდოდათ დიდი ფართი - 5 ათასი კვადრატული მეტრი. საფუძველი არ მაქვს ვთქვა, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებაა. ვარ მართალი და მაქვს სუფთა დღგ. ახლა რა ხდება, უნდა გავერკვე“, - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე