თბილისი: ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციით და ამ საკითხზე რეაგირებისთვის ვმუშაობთ ყველა შესაძლო პლატფორმაზე, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის მოადგილემ კარლო ნატალემ გუგუტიანთკარში განაცხადა.
"ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციით, ამ კონკრეტულ საქმეში ჩვენ ვხედავთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის რისკს და ეს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამის გამო. ჩვენ ამ საკითხზე რეაგირებისთვის ვმუშაობთ ყველა შესაძლო პლატფორმაზე, მათ შორის ჟენევაში. ვფიქრობ, საქართველოს რეაგირება მტკიცეა და ჩვენ აქ დღეს მოვედით, რათა საქართველოს მთავრობისადმი სოლიდარობა გამოგვეცხადებინა“, – განაცხადა ელჩის მოადგილემ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის 20-მდე წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოში ავსტრიის, ესტონეთის, ბულგარეთის, ბრაზილიის, ლატვიის ელჩები ჩავიდნენ.