"რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ხვალ ვგეგმავთ დიპკორპუსის ჩასვლას გუგუტიანთკარში"
loader

Breaking news

"რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ხვალ ვგეგმავთ დიპკორპუსის ჩასვლას გუგუტიანთკარში"

  • რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ხვალ ვგეგმავთ დიპკორპუსის ჩასვლას გუგუტიანთკარში

თბილისი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანონო სამუშაოების დაწყებისთანავე აამოქმედა ყველა ბერკეტი და გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების გამოჩენისთანავე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად ხვალ ვგეგმავთ დიპლომატიური კორპუსის ჩასვლას გუგუტიანთკარში.

მოგეხსენებათ, რომ სამინისტრომ უკანონო სამუშაოების დაწყებისთანავე აამოქმედა ყველა ბერკეტი და გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების გამოჩენისთანავე მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას.

7 აგვისტოსვე გააკეთა განცხადება და ოფიციალური კომენტარი, გაიმართა პირველი შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან; შედგა კომუნიკაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან;

8 აგვისტოს ქართულმა მხარემ საკითხი დააყენა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დაგმეს საოკუპაციო ხაზზე ბორდერიზაციის უკანონო პროცესი და მისი მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის;

იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა მკაცრი განცხადება და დაგმო საოკუპაციო ძალების მოქმედებები; იყო გამოხმაურებები  სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდანაც.

გუშინ სამინისტრომ კვლავ გააკეთა ოფიციალური განცხადება და გამართა შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. უცხოელ პარტნიორებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ადგილზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ.

ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან: მუდმივ კონტაქტზე ვართ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რეგულარული კომუნიკაცია გვაქვს უცხოელ პარტნიორებთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან. საქართველოს საელჩოებს დავალებული აქვთ საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზება.

საერთაშორისო პარტნიორები, განაგრძობენ ჩვენთან აქტიურ თანამშრომლობას და შესაბამის რეაგირებას. კერძოდ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, აშშ, გერმანია,  დიდი ბრიტანეთი და სლოვაკეთი", - განაცხადა კონსტანტინიდმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე