"ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებსაც აქვთ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი, ეროვნული ინტერესები და საჭიროა მათი გათვალისწინება, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ"
loader

Breaking news

"ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებსაც აქვთ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი, ეროვნული ინტერესები და საჭიროა მათი გათვალისწინება, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ"

  • ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებსაც აქვთ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი ეროვნული ინტერესები და საჭიროა მათი გათვალისწინება რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ

თბილისი: ხშირად ვკამათობთ და ერთმანეთს ვუპირისპირდებით ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გვქონდეს გარკვეული, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდალოესმა გრიგოლმა განაცხადა.

"საკითხი, რაზეც მე პირადად ყურადღებას გავამახვილებდი, არის ჩვენი ეროვნული სხეულის ერთგვარი მყიფე მდგომარეობა, რაც ჩანს და აშკარად იგრძნობა იმაში, რომ ჩვენს მოქალაქეებს პრინციპული, მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ღირებულებების თაობაზე არ აქვთ ერთიანი პოზიცია, საზოგადოებრივი თანხმობა. ხშირად ვკამათობთ და ერთმანეთს ვუპირისპირდებით ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გვქონდეს გარკვეული. ასეთი გათიშულობა, რომელიც დღევანდელობის უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიმაჩნია, სათუოდ ხდის ქვეყნის ბედს. ამავდროულად არის მრავალი სხვა პრობლემა სხვადასხვა მიმართულებითაც (მაგალითად, კვალიფიკაციის დეფიციტი და ა.შ.), მაგრამ მე არ გავაგრძელებ ამ მიმართულებით საუბარს. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ არსებულის ფონზე, კიდევ უფრო იზრდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი საქართველოს გადარჩენისა და შემდგომი განვითარების საქმეში.

აქედან გამომდინარე, ქართველთა თვალი და გული მიპყრობილია დედა ეკლესიის მიმართ, რაც კიდევ უფრო გაზრდილი პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს სასულიერო პირებს, მღვდელმთავრებს, წმიდა სინოდის წევრებს და გვავალებს უფრო თვითკრიტიკულნი ვიყოთ. ჩვენ არ ვართ განსაკუთრებული უნარებისა და შესაძლებლობის მქონენი, თუმცა ჩვენი ძალა სიმართლესა და სიყვარულშია. როცა ურთიერთშენდობისა და სიყვარულისკენ მოგიწოდებთ, ჩვენ ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ სათნოებათა არსებობა თვით სასულიერო პირთა შორის და მათ ურთიერთობებში.

ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს გაზრდილ პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე, ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე, თითოეული თქვენგანის წინაშე. ჩვენ ვცდილობთ, რომ თვით ჩვენ შორისაც უფრო მეტად იყოს ურთიერთგაგება და უფრო მეტად სუფევდეს ღირებულებითი ერთობა, რაც დაეხმარება ეკლესიას, რომ თავისი მისია უკეთესად შეასრულოს ღვთის, ადამიანისა და სამშობლოს წინაშე.

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ყოველდღიური ფიქრი, მოღვაწეობა, მსახურება ჩვენი სულის გადასარჩენად, ქვეყნის მდგომარეობის გაჯანსაღებისა და გაუმჯობესებისთვის დღენიადაგ გაიზრდება! მომავალი თაობების ცხოვრების უზრუნველსაყოფად გვჭირდება დიდი სულიერი ძალა, მოთმინება, მაგრამ არა პასიური მოთმინება, არამედ ცნობიერი თმენა, რაც იმას გულისხმობს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ დაუზარელი შრომითა და სიბეჯითით. ჩვენ ისიც უნდა ვისწავლოთ, რომ თუნდაც ჩვენს მეგობრებს მაინც ადეკვატურად გავაგებინოთ ჩვენი გულისთქმა და გულისტკივილი, რათა მხარში დაგვიდგნენ და ჩვენი სატკივარი ადეკვატურად აღიქვან. ცხადია, ყველას, მათ შორის, ჩვენს მეგობარ ერებსა და სახელმწიფოებსაც აქვთ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი, ეროვნული ინტერესები და საჭიროა მათი გათვალისწინება, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ", - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე