Agile Spirit 2019-ის სამეთაურო-საშტაბო ნაწილი დასრულდა
loader

Breaking news

Agile Spirit 2019-ის სამეთაურო-საშტაბო ნაწილი დასრულდა

  • Agile Spirit 2019-ის სამეთაურო-საშტაბო ნაწილი დასრულდა

თბილისი: სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სწავლების Agile Spirit 2019 სამეთაურო-საშტაბო ნაწილის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. სწავლების სამეთაურო-საშტაბო ნაწილის თანადირექტორმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ მოწვეულ სტუმრებს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სასწავლო აუდიტორიებში განვლილი სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიების ფარგლებში, სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა და სწავლების თანახელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ჯეიმს ბეიკერმა წვრთნაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს. მათ პირად შემადგენლობას ჩატარებული სწავლებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ წარმატება უსურვეს. შემდეგ კი, სამხედროები Agile Spirit 2019-ის სამახსოვრო დაფებით და კოინებით დააჯილდოვეს.

სწავლების დახურვის ცერემონიალის დაწყებამდე, სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში მონაწილე მულტინაციონალურმა პირადმა შემადგენლობამ, სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე არსებულ გმირთა მემორიალთან სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მრავალეროვნული სწავლების Agile Spirit 2019 სამეთაურო-საშტაბო ნაწილის მიზანი გაერთიანებული ძალების კოორდინაცია და ტაქტიკურ საბრძოლო ძალად ჩამოყალიბება, მანევრის შესრულება და ძალთა განლაგება, სიღრმითი ოპერაციების ჩატარება, ქვედანაყოფის განთავსება და გაძლიერება, ბრძოლაში ჩართვის რაიონების მოწყობა, თავდაცვა სიღრმეში, კონტრშეტევა და სტაბილურობის ოპერაციებზე გადასვლა იყო.

სწავლება ოფიციალურად 27 ივლისს დაიწყო და 9 აგვისტოს დასრულდება. საერთაშორისო წვრთნები პარალელურად 3 ლოკაციაზე- სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე მიმდინარეობს. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის- საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე