ხვალ თბილისში იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი გაიმართება
loader

Breaking news

ხვალ თბილისში იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

  • ხვალ თბილისში იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

თბილისი: 4 ივლისს თბილისში, სასტუმრო "Holiday Inn"-ში იტალიურ-ქართული ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე დარგს, კერძოდ, ინფრასტრუქტურას, სამშენებლო და საინჟინრო დარგებს, ენერგეტიკასა და ურბანულ განვითარებას მიეძღვნება. 

"ბიზნეს-ფორუმი კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობაა კერძო სექტორში თანამშრომლობის განმტკიცებისთვის, ქართულ ბაზარზე იტალიური კომპანიების არსებობის ხელშეწყობისა და იტალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისთვის", - აცხადებენ საქართველოში იტალიის საელჩოში. 

ფორუმის იტალიელი მონაწილეები არიან: იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო (ITA-ICE), SACE-SIMEST (სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ეწევა სადაზღვევო და საფინანსო მომსახურებას ბიზნესის ინტერნაციონალიზაციისთვის), საინჟინრო, არქიტექტურული და ტექნიკურ-ეკონომიკური საკონსულტაციო ორგანიზაციათა ასოციაცია (OICE), სამშენებლო კომპანიების ეროვნული ასოციაცია (ANCE), ელექტრონული და ელექტროტექნიკური კომპანიების ეროვნული ფედერაცია (ANIE) და 30-მდე წამყვანი იტალიური კომპანია. ქართული მხრიდან მონაწილეობს 100-ზე მეტი საწარმო, სააგენტო, საჯარო თუ კერძო კომპანია.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი. 

ღონისძიების პროგრამაშია: უმთავრესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ქართული სამეწარმეო ასოციაციებისა და სახელმწიფო უწყებების პრეზენტაციები, 200-ზე მეტი შეხვედრა "B2B” ფორმატში, OICE-სა და საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციას (ACEG) შორის შეთანხმების მემორანდუმისა და HIS Consulting-სა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის შეთანხმების მემორანდუმის ხელმოწერა. 

ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორები არიან: იტალიური მხრიდან - იტალიის საელჩო და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო (ITA-ICE), ქართული მხრიდან -  ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, "აწარმოე საქართველოში" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე