შეკვეთილთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
loader

Breaking news

შეკვეთილთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

  • შეკვეთილთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

თბილისი: ​შეკვეთილთან, ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის შედეგად, 14-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

დაშავებული სამხედროები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სამი მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძემ მოინახულა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე