"ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ძლიერია"
loader

Breaking news

"ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ძლიერია"

  • ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ძლიერია

თბილისი: ამერიკელი დიპლომატი და “ატლანტიკური საბჭოს” წევრი დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან” საუბრისას თბილისში 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარი თავი ზღვარის გადაკვეთის წინაშე დააყენა მაშინ, როცა პოლიციას დემონსტრანტებზე გასწორების უფლება მისცა.

"ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ძლიერია და დამოუკიდებელია მთავრობისგან, ამაში იმას ვგულისხმობ, რომ როცა კი საქართველოს მთავრობა საზოგადოებას სასტიკად ექცევა, ქართული საზოგადოება ამას არ უშვებს. მე სააკაშვილზე ვსაუბრობ, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ მე მახსოვს 2007 წლის დემონსტრაციები და მოგვიანებით გასაჯაროებული პოლიციის სისასტიკე და ციხეებში პატიმრებთან მოპყრობა. მაშინ, ქართველებმა ეს არ მიიღეს. იმ ქართველებმაც კი, ვინც მანამდე სააკაშვილს უჭერდნენ მხარს.

ამ კუთხით საქართველო ბევრ ქვეყანას გავს, საქმე ეხება არა პოლიტიკურ არჩევანს, არამედ მთავრობის მხრიდან ისეთი დამოუკიდებლობის უგულვებელყოფას, როგორიც „ცარს“ ქონდა რუსი გლეხების მიმართ. თქვენ არ ხართ ასეთი ხალხი. მთავრობამ, როგორც გამოჩნდა, პოლიციისთვის უფლების მიცემით, რომ დემონსტრანტებს გაკიდებოდნენ და მათთვის მძიმე დაზიანებები მიეყენებინათ, საკუთარი თავი ქართულ საზოგადოებასთან ამ ზღვარის გადაკვეთის საფრთხის წინაშე დააყენა“, – განაცხადა ფრიდმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას.

ფრიდი ერიდება პოლიტიკურ შეფასებებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს მთავრობის “გარკვეულ პასუხისმგებლობასა” და იმას, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია.

"მე პოლიტიკურ შეფასებას არ ვაკეთებ, ჩვენი საქმე არაა ქართული ოცნება იქნება სათავეში, თუ ნაციონალური მოძრაობა. ეს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგრამ ქართველი ხალხი ცხვრის ფარა არაა. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ძლიერია. მე ვეთანხმები სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ ყველამ უნდა შეიკავოს თავი, მაგრამ პასუხისმგებლობა არაა თანაბარი. მთავრობას გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს. ჩემი საქმე არაა ვთქვა ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს თუ არა, ეს საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ  ავტორიტარული “ძლიერი კაცის“ მოდელი საქართველოში უფრო იმუშავებს, ვიდრე მაგალითად უკრაინაში ვიხილეთ”, – განაცხადა ფრიდმა.

მომხდარს შეცდომად აფასებს ასევე შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი. მისი თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მასპინძლობა უჩვეულო გადაწყვეტილება იყო და ამასთანავე მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტება მოხდა.

"გულწრფელად გითხრათ, საქართველოს პარლამენტის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მასპინძლობა უჩვეულო გადაწყვეტილება იყო. პარლამენტების უმრავლესობა მსგავს გარეშე ღონისძიებას არ დაუშვებდა. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ასეთი რამ არასდროს მსმენია. რაც შეეხება პარლამენტის სპიკერის გადადგომას, თავიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს მთავრობა ცვლილებებისთვის მზად არ იყო. თუმცა, შემდეგ, აქციის მონაწილეების და სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლის გათვალისწინებით, მთავრობამ რიგ დათმობებზე წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს რა თქმა უნდა, სწორი ნაბიჯი იყო. ხელისუფლებამ ასევე უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ [აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ] იმაზე მეტი ძალა გამოიყენა, ვიდრე ეს მოცემულ მომენტში საჭირო უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რომ მხარეებს შორის დიალოგი შედგეს. ის შეამცირებდა როგორც საკამათო საკითხებზე პოლარიზაციას, ასევე მომავალში - საპროტესტო აქციების ძალადობრივი ხასიათის რისკებს“, - აცხადებს კორტნი.

კორტნი საუბრობს ასევე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებებისას ხელის შეშლაზე და ხაზს უსვამს, რომ მთავრობას ამ კუთხით განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

"დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს საპროტესტო აქციებზე საკუთარი მოვალეობის შესრულება სასიცოცხლო რისკების გარეშე შეეძლოთ. როცა ძალადობას აქვს ადგილი, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება. მათ საგანგებო ზომები უნდა მიიღონ, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მათი უსაფრთხოება უზრუნველყონ“, -განაცხადა მან.

კორტნი მთავრობას სამოქალაქო საზოგადოებასთან და დემონსტრანტებთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

21 ივნისის ღამეს რუსთაველზე აქციის დაშლის დროს 240 მოქალაქე დაშავდა, დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტები.

პოლიციამ არაერთხელ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე