"დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში უაღრესად სამწუხარო ფაქტი მოხდა"
loader

Breaking news

"დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში უაღრესად სამწუხარო ფაქტი მოხდა"

  • დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში უაღრესად სამწუხარო ფაქტი მოხდა

თბილისი: ეპარქიის სამდივნო ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მაღალყოვლადუსამღვდალოესი გრიგოლის სამწყსოსადმი მიმართვას ავრცელებს.

"ძვირფასო სამწყსოვ, ქრისტესმიერსაყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო!

დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში უაღრესად სამწუხარო ფაქტი მოხდა. იმ ვითარებაში, როცა ჩვენი სამშობლოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაპყრობილია რუსეთის სახელმწიფოს მიერ, და საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი კერებიდან არის განდევნილი და ღირსებაშელახული, სრულიად მიუღებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც დღესაც, საქართველოში სტუმრობისას, მათ ქართველ კოლეგებს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას მოურიდებლად გვიცხადებს, რომ მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოკვეთას დედა სამშობლოს წიაღიდან, და მოცემულ რეალობასთან შეგუებას გვირჩევს, მართლმადიდებლური სამყაროს სახელით ხელმძღვანელობდეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამართულ საპარლამენტთაშორისო ფორუმს.

განსაკუთრებული ყურადღების საგანია ის, რომ:

- ეს არის საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც მიღებული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ;

- ეს არის ის ისტორიული ადგილი, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რითაც დიდ ქართველთა სანუკვარი იდეალები აღასრულა.

ვფიქრობთ, რომ ამ ქმედებით ჩრდილი მიადგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს!!!

ჩემო ძვირფასო სულიერო შვილებო, პირადად ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი სასულიერო პირისთვის, უაღრესად სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სიტყვა მართლმადიდებლობა სრულიად დაცლილია წმიდა სახარებისეული შინაარსიდან და გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ ბნელი და უაღრესად საშიში პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომაც დავძენთ შემდეგს:

იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენას არაფერი აქვს საერთო იმ დაპყრობლურ ინტერესებთან და ქმედებებთან, რასაც  რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოსთან მიმართებით", - აღნიშნულია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მიმართვაში.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე