მთავრობის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
loader

Breaking news

მთავრობის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

  • მთავრობის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისი: მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივანს მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"2019 წლის 13 ივნისს, ქ. პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, გაიმართა მორიგი შეხვედრა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივანს, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის.

შეხვედრის დასაწყისში ზ. აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ ადგილი აქვს ამ რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას, უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები. მოყვანილი იქნა კონკრეტული მაგალითები.

აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს. გამოითქვა იმედი, რომ ჟენევის ფორმატში შესაძლებელი გახდება ხელშესახები პროგრესის მიღწევა.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ სფეროებში ჩართული ქართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.

საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციას. კერძოდ, აღინიშნა, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული შეთანხმების წარმატებით რეალიზაციას.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მხარე გამუდმებით აყენებს კრიტიკულ კონტექსტში საკითხს ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით, ზ. აბაშიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული ცენტრის კარი ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისათვის.

პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე