მოსკოვში საპროტესტო მსვლელობის დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
loader

Breaking news

მოსკოვში საპროტესტო მსვლელობის დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

  • მოსკოვში საპროტესტო მსვლელობის დროს 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

კიევი: მოსკოვის ცენტრში საპროტესტო მსვლელობის დროს პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი უკვე გაათავისუფლეს, ნაწილი კი ჯერ კიდევ წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. დაკავებულთა შორის ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და რამდენიმე ჟურნალისტია. აქციების ორგანიზების შესახებ კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებულ ალექსეი ნავალნის 30-დღიანი პატიმრობა ემუქრება.

12 ივნისს, რუსეთის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების პარალელურად საპროტესტო აქცია თავდაპირველად ჟურნალისტ ივან გოლუნოვის გათავისუფლების მოთხოვნით იყო დაგეგმილი, თუმცა 11 ივნისს რუსეთის შსს-მ გოლუნოვის წინააღმდეგ გამოძიების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. ამავე დღეს გოლუნოვი შინა პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

გოლუნოვის გათავისუფლების მიუხედავად, აქციის ორგანიზატორების ნაწილმა 12 ივნისს დაგეგმილი აქციის გაუქმებაზე უარი განაცხადა იმის მიუხედავად, რომ მოსკოვის მერიამ ჟურნალისტის მხარდასაჭერად საპროტესტო მსვლელობის 16 ივნისს გამართვის ნებართვა გასცა.

სააგენტო „მედუზას“ გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს დააკავეს და მოსკოვის რაიონულმა სასამართლოს მიერ შინაპატიმრობა 7 აგვისტომდე ჰქონდა შეფარდებული. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღების მცდელობაში ედებოდა ბრალი და თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთა ემუქრებოდა. თავად ჟურნალისტი, მისი თანამშრომლები და მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ დაკავება პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა.

ივან გოლუნოვი ბოლოს მოსკოვის მერიის დამკრძალავ სამსახურთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებს იძიებდა, თუმცა გუშინ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გოლუნოვის წინააღმდეგ გამოძიება დანაშაულში მისი მონაწილეობის დაუმტკიცებლობის გამო შეწყდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე