"სავსებით სამართლიანი იქნება, თუ საზოგადოებიდან წამოვა შესაბამისი ინიციატივა, რომ საუფლო დღესასწაულები გამოცხადდეს უქმედ"
loader

Breaking news

"სავსებით სამართლიანი იქნება, თუ საზოგადოებიდან წამოვა შესაბამისი ინიციატივა, რომ საუფლო დღესასწაულები გამოცხადდეს უქმედ"

  • სავსებით სამართლიანი იქნება თუ საზოგადოებიდან წამოვა შესაბამისი ინიციატივა რომ საუფლო დღესასწაულები გამოცხადდეს უქმედ

თბილისი: მიგვაჩნია, რომ სულიერებისა და ქრისტიანული კულტურისადმი გულწრფელი მიდგომა მოითხოვს ერთგვარ ლოგიკურ გაგრძელებას და სავსებით სამართლიანი იქნება, თუ საზოგადოებიდან წამოვა შესაბამისი ინიციატივა, რომ საუფლო დღესასწაულები გამოცხადდეს უქმედ. მოხარულნი ვიქნებით, თუ ეს აზრი თავის დასაყრდენს ნახავს ეკლესიის მრავალრიცხოვან მრევლში, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა. 

"საეკლესიო გარდამოცემის თანახმად, საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა; ...და დღეს, როცა ეს წმიდა გარდამოცემა სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე იქნა აღიარებული და დადასტურებული, ვფიქრობთ, რომ ეს უნდა აღვიქვათ როგორც მძლავრი გზავნილი თანამედროვე სამყაროსადმი იმის შესახებ, რომ ქართული სახელმწიფო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს ქართული სახელმწიფოებრიობის წარმომქმნელი ერის სულიერ ღირებულებებს და მათი ერთგული რჩება. ამ მოვლენამ ადამიანებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია, და ეს ნაწილობრივ გასაგებიცაა, თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენ დამძიმებული ვართ კომუნისტური ეპოქისთვის დამახასიათებელი იდეოლოგიური კლიშეებით.

საუფლო დღესასწაულთა საგანგებოდ აღნიშვნა (რომელთა შორის უმეტესი სამუშაო დღეებს ემთხვევა ხოლმე), საშუალებას მისცემს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, რომ ამ დღესასწაულებზე მივიდნენ ტაძრებში და სათანადო პატივი მიაგონ სამყაროს შემოქმედს, ხოლო იქიდან გამოსული კი დაკავდნენ ქველმოქმედებით; ასეთ დღეებში განსაკუთრებული აქტივობა უნდა გამოიჩინოს სახელმწიფომ და ჩაატაროს სოციალურად დაუცველთა და უკიდურეს გასაჭირში მყოფთა დასახმარებელი სხვადასხვა სახის აქციები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ნაბიჯები იქნება ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეთა შორის სოციალური თანხმობისა და ჰარმონიის მიღწევის ერთ-ერთი საიმედო საშუალება, რაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების სწორი განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა გახდება!

ღმრთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, საუფლო დღესასწაულზე, ხალხი, მორწმუნე ადამიანი უნდა იყოს ეკლესიაში. მიგვაჩნია, რომ რადგან ქართული სახელმწიფო დაადგა იმ გზას, რომ პატივს მიაგებს წმიდა დღეებს, მაშინ აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ წმიდა დღეებს შორის არსებობს იერარქია; და ამ იერარქიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საუფლო დღესასწაულებს. ასეთი დღესასწაული სულ თორმეტია, და მათ შორის მხოლოდ ორია უქმედ აღიარებული: აღდგომა და ქრისტეს შობა. 

მიგვაჩნია, რომ სულიერებისა და ქრისტიანული კულტურისადმი გულწრფელი მიდგომა მოითხოვს ერთგვარ ლოგიკურ გაგრძელებას და სავსებით სამართლიანი იქნება, თუ საზოგადოებიდან წამოვა შესაბამისი ინიციატივა, რომ საუფლო დღესასწაულები გამოცხადდეს უქმედ. მოხარულნი ვიქნებით, თუ ეს აზრი თავის დასაყრდენს ნახავს ეკლესიის მრავალრიცხოვან მრევლში. 

ახლა კი ვისაუბროთ უშუალოდ ამაღლების მოვლენის შინაარსსა და მნიშვნელობაზე.

მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს, დაფლეს, და შემდგომად სამისა დღისა აღდგა იგი მკვდრეთით, 40 დღის განმავლობაში მიმოდიოდა სხვადასხვა მხარეში, ეჩვენებოდა თავის მოწაფეებს, ამხნევებდა, ასწავლიდა, აძლიერებდა რწმენაში, და ეუბნებოდა, რომ მე არ გტოვებთო, არამედ მოგივლენთ ნუგეშისმცემელ სულს (სულიწმიდა). მე-40-ე დღე რომ მიიწურა, ამაღლდა იგი ზეცად და ამას ნათლად ხედავდნენ მის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები.

პავლე მოციქულის წიგნში („საქმე წმიდათა მოციქულთა“) ვკითხულობთ:

„ვიდრე დღედ, რომლადმდე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა, ამაღლდა, რომელთაცა წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი შემდგომად ვნებისა თჳსისა მრავლითა სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, და თანა-ექცეოდა მათ და ამცნებდა: იერუსალჱმით ნუ განეშორებით, რამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან რამეთუ იოანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად (საქმე 1. 2-4).

ამის შემდეგ იესო ამაღლდებოდა ზეცად, ნელ-ნელა თვალს ეფარებოდა, და ეს ადამიანები, გაოცებულნი, განკვირვებულნი იდგნენ ზეცად აღპყრობილი თვალებით.

„და ვითარცა ჰხედვიდეს იგინი ზეცად აღსლმასა მისსა, და აჰაესერა ორ კაც ზედა მო მათ სამოსლითა სპეტაკითა და ჰრქუეს მათ: რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად.“ (საქმე 1. 10-11).

ისინი დაბრუნდებიან იერუსალიმში და ლოცვასა და ღმრთის დიდებისმეტყველებაში ატარებენ დღეებს, ვიდრე სულიწმიდის გარდამოსვლამდე.

და რას ნიშნავდა სინამდვილეში ეს მოლოდინი? ვფიქრობთ, რომ მოლოდინის ეს 10 დღე მათთვის იყო 10 დღე წუხილის, იმედისა და მოსალოდნელი სიხარულისა. 

წუხილისა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტე სამნახევარი წლის განმავლობაში (იორდანეზე ნათლისღების შემდგომ) მათთან იყო, ასწავლიდა, უქადაგებდა და მოძღვრავდა, სულიერად წვრთნიდა, ჩვენ ვიცით, რომ მოწაფეები ჯვარცმისას მაინც შეშინდნენ და დაიფანტნენ. მათ შორის დაისადგურა შიშმა! ახლა კი იესო განეშორა მათ, ამაღლდა ზეცად; ვის შეუძლია თქვას, თუ რა ფიქრები ენაცვლებოდა ერთმანეთს მათ გონებაში?! ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ განმტკიცებულნი თავიანთ რწმენაში.

შესაძლოა, ისიც კი ეფიქრათ, რატომ მიგვატოვა?! მაგრამ ის ხომ იმდენ ხანს იყო წუთისოფელში, რამდენიც საჭირო იყო?!

გაგახსენებთ იგავს მდიდრისა და ლაზარეს შესახებ (ლკ. 19,19-31), სადაც, გარდაცვალების შემდეგ, საიქიოში, მდიდარი ეუბნება მამათმთავარ აბრაამს: უთხრი ლაზარეს, რაკი მას ჩემთან გადმოსვლა არ შეუძლია იმისთვის, რომ წყლით ტუჩი დამისველოს, წავიდეს, დაბრუნდეს უკან, ჩემ ძმებს მოუყვეს, თუ რა მდგომარეობაა აქ, რომ მათ ეს გაითვალისწინონ და ცხოვრება გამოასწორონ. მამამთავარი აბრაამი პასუხობს:

- შენს ძმებს ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველები და მათ მოუსმინონ. და თუ მათ არ დაუჯერეს, არც უკან დაბრულებულ ლაზარეს სიტყვას ირწმუნებენ და დაიჯერებენო. ე.ი. ყველაფერს თავისი დრო და ჟამი აქვს. საჭირო დროს და საჭირო ადგილას განხორციელდა განგებულება ღმრთისა და მოვიდა მაცხოვარი, იტვირთა ძალიან მნიშვნელოვანი მისია - ცოდვის ტყვეობიდან გამოიხსნა ადამიანი!

მაგრამ რას ნიშნავს - „გამოიხსნა ადამიანი“?

ეს იმას ნიშნავს, რომ მან დაარღვია საკვრელნი (ბორკილები) ჯოჯოხეთისანი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი იქ აღარ მოხვდება; ჯოჯოხეთისგან და ე.ი. საუკუნო დანთქმისგან გადარჩენა ადამიანის პიროვნულ ნებაზეც არის დამოკიდებული. მაცხოვარი როდესაც ამაღლდა ზეცად, ამან ადამიანში ახალი მოლოდინი გააჩინა - სულიწმიდის მოლოდინი. ეს მას აღუთქვა ღმერთმა, რომ იგი კი არ გვტოვებდა, არამედ ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობა თვისებრივად ახალ სახეს იძენდა; იესო ქრისტეს განკაცება და კაცთა შორის ფიზიკურად მიმოსვლა, არ იყო მისი ბუნებრივი მდგომარეობა. ეს გახლდათ კაცთა მოდგმაზე ზრუნვით და სიყვარულით აღებული ტვირთი.

წმიდა წერილი გვამცნობს, რომ იგი დასაბამითგან (ყოველთვის) იყო მამასთან და ამაღლდა რა ზეცად, დაბრუნდა მამისეულ წიაღში, და დაჯდა მარჯვენით მამისა. ...მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი აღარ არის აქ, ამ სამყაროში, ჩვენს შორის.

გახსოვთ, ალბათ, რას ეუბნება იგი მოციქულ თომას: თომა, შენ მე დამინახე და აწ გჯერა, რომ ეს მე ვარ, მაგრამ ჭეშმარიტად ნეტარია ის, ვინც ფიზიკური თვალით ვერ დამინახავს და მაინც მირწმუნებს!

კიდევ ბერი რამ ითქვა და აღესრულა, თუმცა, წმიდა წერილში ვკითხულობთ, რომ დედამიწაზე რაც კი წიგნებია, ვერ დაიტევდა ყველაფერი რომ აღწერილიყო, რაც კი რამ ჰქმნა იესომო.

ასე რომ, იესო ამაღლდა ზეცად და შეეცადე, შენი სულიერი მზერა გააყოლო მას! წმიდა სახარებისეული ისტორია გვეუბნება, რომ ადამიანის გულისყური და გონება იმ ადგილს დასტრიალებს, სადაც თავისი სიმდიდრე (საუნჯე) ეგულება. 

„რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი“ (მთ. 6,21). 

თუ უფალთან აგროვებ შენს სიმდიდრეს, მშვიდად იყავი, მას ვერ დაემუქრება საფრთხე, სხვადასხვა ცვლილებები, წუთისოფლის მერყევი თვისება. და როცა დადგება  ჟამი და საუფლო წიაღში გააგრძელებ სიცოცხლეს, იქ დაგხვდება უდანაკარგოდ და დაუზიანებლად, ის რაც უფალს მიაბარე!

შენ შეგიძლია შენი ნიჭის, უნარის, შესაძლებლობის ისეთი ტრანსფორმირება მოახდინო და ისეთ განზომილებაში გადაიყვანო ეს უნარ-ჩვევები, რომ სულიერი მადლი და სიმდიდრე შეიმოსო. ეს არის ყველაზე უტყუარი და უღალატო გზა! ამ გზაზედ შენ არასდროს მოტყუვდები და არ დაიჩაგრები!", - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე