მხატვარი, რომელიც ჰაერში გაფანტული ფერთა პოეზიის ენით გვესაუბრება
loader

Breaking news

მხატვარი, რომელიც ჰაერში გაფანტული ფერთა პოეზიის ენით გვესაუბრება

  • მხატვარი რომელიც ჰაერში გაფანტული ფერთა პოეზიის ენით გვესაუბრება

თბილისი: სამყაროს შემოქმედმა უფალმა, ადამიანს დაბადებისთანავე ყველაზე ძვირფასი - ღვთაებრივი საჩუქარი, თავისუფლების ბედნიერება უბოძა და მას შემდეგ ადამიანი სულ ცდილობს იყოს თავისუფალი ან იბრძვის დაიბრუნოს უფლისგან ნაბოძები თავისუფლება. თუმცა ღვთაებრივი საჩუქარის განმარტებისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის საფუძვლიანი გარემოება, რომ დედამიწის ისტორიაში არის პერიოდი, როდესაც იგივე ადამიანებისგან შემდგარი “მომთვინიერებელი მწვალებლები“, უგულველყოფენ სამყაროს შემოქმედ უფალს და ცდილობენ წაგართვან ან შეგიზღუდონ თავისუფლება.

ამგვარად, მე როგორც დამოუკიდებელმა რეპორტიორმა, ჩემი სტატია მიუძღვენი ადამიანს, რომელსაც თავისუფლების ყველაზე უფრო დაუნდობელმა მტერმა და წითელი ტერორის სახელით ცნობილმა საბჭოთა ეპოქამ, ბავშობაში გაბნეული შემოქმედებითი ოცნებები წაართვა. სწორედ ამ საბჭოური ეპოქის თაობას ეკუთვნის კავკასიური წარმოშობის ჰოლანდიელი მხატვარი ისლამ ბაშიროვი, რომელმც დროის ცვლილებებთან ერთად, მისი ტკივილიანი წარსული სამუდამოდ  დაასამარა და ბავშობაში გაბნეული შემოქმედებითი ოცნებები ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში აისრულა.    


ისტორიაში არის პერიოდი, როდესაც ჩნდებიან ყველა დროის ღრმად განსწავლული  მოაზროვნე ადამიანები, ბრწყინვალე მხედართმთავრები, პოლიტიკოსები, დიპლომატები თუ საზოგადო მოღვაწეები, მაგრამ მიმაჩნია, რომ უდიდეს ადამიანებს შორის ყველაზე გამორჩეულები ხელოვანები არიან, რომლებსაც ბევრი ურთიერთდამოკიდებული განცდა აკავშირებთ ადამიანებთან. ამავდროულად  ხელოვნება ის სამყაროა, სადაც ადამიანების პოვნა და სასიამოვნო ემოციების გაცვლა-გამოცვლა ჯერ ისევ შესაძლებელია. 

სწორედ ასეთი სასიამოვნო სამყაროში ავღმოვჩნდი ხელოვნების მექად წოდებულ ჰოლანდიაში და გავხდი თანამონაწილე, როტერდამში მდებარე გალერეა არტ ოფ სტრიმში წარმოდგენილი პერსონალური გამოფენის, რომლის ავტორიც გახლდათ კავკასიური წარმოშობის ჰოლანდიელი მხატვარი ისლამ ბაშიროვი.


საგამოფენო სივრცეში ნამდვილი სახელოვნებო გარემო სუფევდა, სადაც მხატვრის მიერ ბოლო რამდენიმე თვეში შექმნილი შემოქმედების შესაფასებლად - პარიზიდან, ბრიუსელიდან, ლონდონიდან და ამსტერდამიდან ჩამოვიდნენ მისი კოლეგები. 

აღნიშვნისთვის აქვე მინდა დავამატო, რომ ბატონი ბაშიროვი ხელოვნების ამ სფეროსთვის განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ის სპეციალობით დღესაც ექიმია. თავდაპირველად სამედიცინო კარიერის განვითარებასთან ერთად, მხატვრობა იყო მისთვის ერთგვარი ჰობი, რისი მეშვეობითაც იგი მიუახლოვდა  რეალურ მითოლოგიურ ფერთა საზღვარს. მოგვიანებით კი როგორც უამრავმა სხვა პროფესიის ადამიანმა თავადვე მოახდინა საკუთარი თავის ემანსიპაცია და ახალ სივრცეში დაბადება. 

იგი ფუნჯებს აღიქვამს როგორც მის პირად ჯარისკაცებს, რომელთა ძირითადი მოვალეობაა დაეხმარონ ოსტატს - ზეთის, ტემპერას, აკვარელის თუ გუაშის საღებავებით, ტილოზე გადაანაწილოს ადამიანებისთვის პლანეტის მიუწვდომელ სამყაროში ნაპოვნი ფერთა გამა, რომელი ფერების გამაც აქამდე არასოდეს არავის შეუმჩნევია მის გარდა. ამ ყოველივემ კი გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მის თავისუფალ შემოქმედად ჩამოყალიბებაში და განსაზღვრა მისი როგორც მხატვრის ფსევდონიმიც Islam abd an-nur-kant, რომელმაც ტილოზე გვარის ადგილი დაიკავა.   


განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ Islam abd an-nur-kant-ი მიეკუთვნება 21-ე საუკუნის ავანგარდული მხატვრობის იმ თანამედროვე მიმდევრებს, რომლებიც ბოლო წლებში თამამ ნაბიჯებს დგამენ აბსტრაქციონიზმში და ხელოვნების ამ მიმართულების განვითარებისთვის, ყოველ მომდევნო დღეს ახალი ვულკანური იდეებით იბადებიან.

მის შემოქმედებას მინიმალისტურად ეტყობა ჟორჟ ბრაკის და პაბლო პიკასოს კუბისტური სკოლის გავლენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ნახატებში უფრო მეტად ჩანს აბსტრაქციონისტისთვის დამახასიათებელი ფერთა პერფორმანსი და მისი სულის სტიქიურად მეამბოხე გრძნობები. ამავდროულად მისი ნახატები ფერთა აზრობრივი პოეზიაცაა, რომელსაც აბსტრაქციული ბილიკებით სულიერ ჰარმონიასთან მიყავხარ. 

ზოგიერთი ნახატი კი შინაარსობრივათაც მისი სიურეალისტური ცხოვრების ანარეკლია, სადაც ჩანს მხატვრის ნისლივით გაფანტული ხასიათი და მისი შემოქმედების ოკიანისებური სიღრმე. იგი ეკუთვნის პლანეტის იმ უჩინარ მაცხოვრებელს, რომელიც თავისუფალია იკონოგრაფიული სამყაროსგან და გაუცნობიერებელი თუ გაცნობიერებული მეხსიერების საშუალებით ტილოზე გადმოაქვს დედამიწის ჰაერში გახვეული მარადიული სიცოცხლე და ამ სიცოცხლის გაგრძელების ყველა სასიამოვნო სურნელი. ეს კი დამთვალიერებელს ერთდროულად უღვიძებს ესთეტიური ემოციებით სავსე განცდებს თითქოს მხატვართან ერთად მოგზაურობს მის მისტიურ სამყაროში.


რა თქმა უნდა, მხატვრის შემოქმედება ხელმისაწვდომია საზოგადოების ყველა ფენის ადამიანისთვის, მაგრამ პირველ ჯერზე შესაძლებელია დამთვალიერებელმა განსხვავებულად აღიქვას მისი შემოქმედება და ტილოზე გაფანტული საღებავი ფერების რევოლუციურ ქაოსს შეადაროს. მაგალითისთვის მინდა განვმარტო, რომ ზიგმუნდ ფროიდის  მეცნიერული შემოქმედების გასაგებად სწორედაც რომ მასთან უშუალო დიალოგია საჭირო. გამომდინარე აქედან, ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ადამიანი ემოციური განცდებით რამოდენიმეჯერ დაათვალიერებს მხატვრის ნამუშევრებს,  იგი მოულოდნელად აღმოაჩენს თუ როგორ იღვიძებს ტილოზე შემოქმედის უკიდეგანო სამყარო და ამ სამყაროში გაფანტული კოსმიური ფერების ფილოსოფია.ა მის შემდეგ კი დამთვალიერებელს უჩნდება სურვილი განთავისუფლდეს ყოველდღიურ პრობლემებთან მიჯაჭვულობისაგან.


ისლამ ბაშიროვის პერსონალური გამოფენის დასრულების შემდეგ, ჩემი ემოციები მისი ნახატების მიმართ ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მაშინვე გამიჩნდა განცდა, რომ მან როგორც უკიდეგანო ექსპერიმენტალისტმა მხატვარმა განსაკუთრებით დიდ შემოქმედებით სიმწიფეს მიაღწია. ის ავანგარდული ხელოვნების ნამდვილი აღმოჩენაა და მისი შემოქმედების სიტყვით თხრობის გადმოცემა რთულია.

დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო პუბლიკა მალე იხილავს Islam abd an-nur-kant-ის ფსევდონიმით მოღვაწე შემოქმედის აღმასვლას აბსტრაქციონიზმის უმაღლეს მწვერვალებზე.  



დამოუკიდებელი რეპორტიორი:  ილია ზუკაკიშვილი


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე