"გზადაგზა გვხვდება იმგვარი სინამდვილე, რომლის სათანადოდ ვერშეფასების შემთხვევაში ისტორია ისევე გაგვთელავს, როგორც არაერთ ერს დამართია ეს"
loader

Breaking news

"გზადაგზა გვხვდება იმგვარი სინამდვილე, რომლის სათანადოდ ვერშეფასების შემთხვევაში ისტორია ისევე გაგვთელავს, როგორც არაერთ ერს დამართია ეს"

  • გზადაგზა გვხვდება იმგვარი სინამდვილე რომლის სათანადოდ ვერშეფასების შემთხვევაში ისტორია ისევე გაგვთელავს როგორც არაერთ ერს დამართია ეს

თბილისი: ქართული სახელმწიფოს ახალგაზრდა დამოუკიდებლობის ცოცხალი გამოცდილება გვკარნახობს, რომ სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის დიდი გამოწვევაც, და კიდევ უფრო დიდი სიმძიმე, რასაც ღირსეულად ზიდვა სჭირდება, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ფოთის ტაძარში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

"დღეს არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! გილოცავთ! ეს გახლავთ ძალიან დიდი მონაპოვარი, ნაოცნებარი და ნანატრი დღე! ეს დღე, ასევე, გახლავთ ტკივილნარევი, ცრემლნარევი დღე; ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორია ცხადყოფს, რომ მუდამ რაღაც განსაცდელის ზღვარზე ვდგავართ ხოლმე, რადგან ე.წ. „ბეწვის ხიდზე“ გვიწევს გავლა, და ამიტომაც ჩვენი სიხარულიც კი ვერ არის მხოლოდ სიხარული. ამ მხრივ არც დღევანდელობაა გამონაკლისი!

არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული (და სახელმწიფოებრივი) დამოუკიდებლობა, არამედ თითოეული ადამიანის (მოქალაქის) თავისუფლება ძალიან მჭიდრო კავშირშია დიდ პასუხისმგებლობასთან. ამის გარეშე თავისუფლება არ არსებობს.

პასუხისმგებლობის გარეშე არსებობს მხოლოდ თვითნებობა და თავგასულობა, როცა ადამიანი (თუ სახელმწიფო) საკუთარ ქმედებებს საზღვრებს ვერ უდებს და უჭირს ანგარიშის გაწევა სხვისთვის, სხვისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების რეალური პატივისცემა და დაფასება.

ქართული სახელმწიფოს ახალგაზრდა დამოუკიდებლობის ცოცხალი გამოცდილება გვკარნახობს, რომ სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის დიდი გამოწვევაც, და კიდევ უფრო დიდი სიმძიმე, რასაც ღირსეულად ზიდვა სჭირდება.

დამოუკიდებლობა გახლავთ დინამიური პროცესი, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში სჭირდება დაცვა და განვითარება. ჩვენი წინა თაობების ნანატრი თავისუფლების დაცვა შესაძლებელია (მხოლოდ და მხოლოდ) ქართული სახელმწიფოებრიობის  განვითარების შეუქცევადობის პირობებში. ამას კი სჭირდება დიდი სიბრძნე, გონიერება, რეალობაში საკუთარი თავის დანახვის უნარი და იმ საფრთხეების რეალურად დანახვა და აღქმა, რომლის წინაშეც მუდმივად დგას ყოველი პატარა სახელმწიფო, მცირე ერი, და მითუმეტეს ჩვენი ქვეყანა. ამასვე ადასტურებს საქართველოს ხანგრძლივი ისტორია და მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის უმძიმესი 28 წელი.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ქართული სახელმწიფო და მისი მომავალი!  ჩვენს წინაშეა არა ერთი საფრთხე, არა ერთი გამოწვევა, რომლის დაძლევა-გადალახვა და ღირსეული გამკლავება უპირობო ამოცანას წარმოადგენს. ასევე, გზადაგზა გვხვდება ხოლმე იმგვარი სინამდვილე, რომლის გაუთვალისწინებლობისა და სათანადოდ ვერშეფასების შემთხვევაში ისტორია ისევე გაგვთელავს, როგორც არაერთ ქვეყანას და ერს დამართია ეს.

ღმერთმა დიდი წყალობა მოიღო ჩვენზე, მოგვხედა, გვეპატრონა და დღესაც სულიერი ენერგიებით აღგვავსებს; განსაკუთრებული წყარო ამ ენერგიისა არის ცოცხალი რწმენა ცოცხალი ღმერთისა; ამ რწმენას გვიქადაგებენ წმიდა მოციქულნი; ამ რწმენაში გვწვრთნის ჩვენ მართლმადიდებლობა, რომლის ემბაზში დავიბადეთ! ეს რწმენა უნდა შევინახოთ, და ცოცხალი მაგალითებით გადავცეთ ჩვენს მემკვიდრე თაობებს! ... და მსგავსად დღევანდელი წაკითხული სახარებისა (ინ. 4,5-42), ღმერთს თაყვანი ვსცეთ არა მხოლოდ მიკერძოებულად, ამა თუ იმ გეოგრაფიულ ადგილას (თუმცაღა არსებობს წმიდა ადგილები, რომლებიც დიდ ისტორიულ და სულიერ მეხსიერებას გვინახავენ, და გვახსენებენ!), არამედ - ყველგან და ყოველთვის,  სულით, ჩვენი რეალური ცხოვრებით, კონკრეტული საქმეებითა და ქმედებებით.

ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ; ირგვლივ არსებობს სხვა სახელმწიფოები, ცხოვრობენ სხვა ერები (ხალხები) და ჩვენი თავისუფლება, ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრება გვავალებს, რომ გონივრული, ბრძნული და ქართული სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ნაბიჯები გადაიდგას, რათა საფრთხისა და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აღმოჩნდეს ჩვენი სამშობლო და მისი ხვალინდელი დღე. ამასთანავე, უნდა შეიქმნას მყარი გარანტიები ქართული სახელმწიფოებრიობის წარმომქმნელი ერის იდენტობის შენარჩუნება-განვითარებისთვის! ეს პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი ხელისუფლებას!

ახლა კი ისიც უნდა ვიკითხოთ, თუ რა არის პატრიოტიზმი? რა არის ეს გრძნობა, რა არის მისი არსი?

ამ კითხვაზე ვიღაც იტყვის, რომ პატრიოტიზმი არის მუდმივი მზაობა, რომ, ერთი მხრივ, სამშობლოს კეთილდღეობას შეეწირო, ხოლო, მეორე მხრივ კი - იცოცხლო სამშობლოსთვის, შენი ხალხისთვის! პატრიოტიზმი, ალბათ, ერთდროულად ერთიც არის და მეორეც; მაგრამ, განა პატრიოტიზმს არ განეკუთვნება საკუთარი საქმის პასუხისმგებლობით აღსრულება, პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება?! და განა პატრიოტიზმი არ არის თანამოქალაქეთა პატივისცემა, მათი ყურადღებით მოსმენა და მათი სიტყვის დაფასება?!

პატრიოტიზმი გახლავთ უდიდესი პასუხისმგებლობა ღმრთისა და ჩვენი ერის ისტორიის, მოყვასისა და საკუთარი თავის, ქვეყნისა და დანარჩენი სამყაროს წინაშე.

ღმერთმა დაგლოცოთ, მოგანიჭოთ სიყვარული და პასუხისმგებლობა ღმრთისა და ადამიანების მიმართ. ვეკრძალოთ საკუთარ თავს, არა თუ მხოლოდ მოყვასს, და ამით აღვასრულოთ ქრისტიანული ეთიკის მთავარი სათნოება!

ეს არის გზა ცხოვრებისა, გზა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წარმატებისა, ეს არის გზა გადარჩენისა და წინსვლისა!", - განაცხადა  ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე