"შევძლებთ იმას, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჭიათურის მოსახლეობას აწუხებს"
loader

Breaking news

"შევძლებთ იმას, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჭიათურის მოსახლეობას აწუხებს"

  • შევძლებთ იმას რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას რომელიც ჭიათურის მოსახლეობას აწუხებს

თბილისი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მოვახერხებთ, შევძლებთ იმას, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჭიათურის მოსახლეობას აწუხებს.

"პირველ რიგში, მსურს ჩემი დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ თითოეულ თქვენგანს და შეხვედრისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ.

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენმა პოლიტიკუმა გუნდმა სასიცოცხლო და უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა. ეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენ, თქვენთან ერთად შევძელით, რომ ქვეყანაში ძალადობა დაგვესრულებინა. ადამიანი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ძირითადი ღირებულება გახდა, ჯანმრთელობა პრივილეგიიდან პრიორიტეტად ვაქციეთ და მთელი რიგი მიმართულებით ფუნდამენტური ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

თუმცა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დღესაც ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი კარგი საქმე, კარგი პროექტი განხორციელდა, ჯერ კიდევ გვაქვს არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის სერიოზული გამოწვევები.

ცხადია, საზოგადოება ვითარდება და თითოეულ ჩვენგანს უფრო მეტი გვინდა, უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა საჭირო.

ჭიათურაში თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს - ვირჩევთ ჭიათურის მერს. ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ მინდა კარგად გაითავისოს, რომ ერთი ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა საქმიანობდეს, ვერაფერს გააკეთებს, თუ მას უკან ძლიერი, კომპეტენტური, პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი არ უდგას. შესაბამისად, ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს ზურგს ძალიან ძლიერი გუნდი უმაგრებს, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია. მას ზურგს უმაგრებს თითოეული თქვენგანი და თქვენი მხარდაჭერით, თანადგომით შევძლებთ, ღირსეულად შევეჭიდოთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომელიც ჭიათურას აწუხებს. არ დავიწყებ ყველა იმ პრობლემის ჩამოთვლას, რომელიც ამ ქალაქშია მოსაგვარებელი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უამრავი პროექტის განხორციელება გვაქვს დაწყებული. შესაბამისად, მოვახერხებთ, შევძლებთ იმას, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჭიათურის მოსახლეობას აწუხებს.

ამისთვის, ერთად დგომა და ერთსულოვნება ძალიან მნიშვნელოვანია. აქ, მეორე ქუჩაზე იმყოფებიან თქვენი თანაქალაქელები, რომელთაც გვერდში დგომა, მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. ჩვენ თქვენთან შეხვედრის შემდეგ, მივდივართ იმ ადამიანებთან, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, გვერდში დავუდგეთ, დავეხმაროთ, რომ 19 მაისს ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ გამარჯვება. ჩვენ არასდროს, ჩვენი მოქალაქეები არ მიგვიტოვებია გასაჭირში და ამას არასდროს ვიკადრებთ. იქნება ყველანაირი მხარდაჭერა, თანადგომა იმისთვის, რომ მათ იმ პრობლემების მოგვარება შეძლონ, რომელიც ოჯახებს აწუხებთ.

მინდა, დღევანდელი შეხვედრისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, მინდა, ჩვენს კანდიდატს, გივი მოდებაძეს მადლობა გადავუხადო და გამარჯვება ვუსურვო. ის მართლაც ღირსეული, უპატიოსნესი ადამიანია, რომელიც ამ ქალაქში დაიბადა, გაიზარდა და ძალიან კარგად იცის ყველა ის პრობლემა, რომელიც ჭიათურას აწუხებს.

მინდა, მას გამარჯვებები და წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული იყავით იმაში, რომ მას ყველანაირი მხარდაჭერა, თანადგომა ექნება, რომ ჩვენ, ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ ყველა პრობლემის მოგვარება.

მინდა, გისურვოთ, რომ ყოველი დილა, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, სიხარულით, სიყვარულით, სიკეთით, ბედნიერებით და გამარჯვებით იყოს გაჯერებული", - განაცხადა კალაძემ ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე