"საქართველომ უკრაინასთან და ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა"
loader

Breaking news

"საქართველომ უკრაინასთან და ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა"

  • საქართველომ უკრაინასთან და ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა

ჰელსინკი: "აუცილებელია ევროპის საბჭო დარჩეს პრინციპების ერთგული და ქვეყნებს, რომლებიც არასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, მოეთხოვოთ პასუხი.  სწორედ ამიტომ საქართველომ, უკრაინასთან და ბალტიის სახელმწიფოებთან ერთად მხარი არ დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთთან დაკავშირებით“ - ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ევროპის საბჭოს მინისტერიალზე,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის შესაძლო დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა. 

 მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ  მიმდინარე წლის 14 მაისს, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე უკრაინასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასა და ესტონეთთან ერთად წინააღმდეგი წავიდა აღნიშნული გადაწყვეტილების. "ამ საკითხზე იმსჯელა მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა და უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვიყავით სრულ თანხვედრაში ჩვენს უკრაინელ და ბალტიელ კოლეგებთან. გვქონდა ერთიანი პოზიცია როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს და ბალტიის  სამივე ქვეყანას - ჩვენ  მხარი არ დავუჭირეთ ამ ინიციატივას. მინისტერიალზე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე  თუ რატომ არ დავუჭირეთ  მხარი ამ გადაწყვეტილებას,  რადგან ვთვლით, რომ აუცილებელია  ეს ორგანიზაცია დარჩეს პრინციპების ერთგული, დარჩეს ერთგული იმისა, რომ ქვეყნები, რომლებიც არ არსულებენ ვალდებულებებს,  მათ ამაზე უნდა მოეთხვოს პასუხი. სწორედ ამიტომ არ დავუჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებას და  სწორედ ამაზე იყო აგებული ჩემი გამოსვლაც, სადაც ვისაუბრე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ჭრილში რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

მისივე თქმით, რუსეთის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მიიღოს და იმედი გამოთქვა, რომ დელეგატები ამ გადაწყვეტილებაზე გააკეთებენ შესაბამის შეფასებებს. 

რაც შეეხება მინისტერიალში საქართველოს დეგელაციის მონაწილეობას, მინისტრის თქმით, მინისტერიალზე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის თემა ფართოდ იყო წარმოდგენილი, შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა სესიაში. "კერძოდ მინისტერიალმა დაამტკიცა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, ასევე მინისტერიალის დღის წესრიგი საუბრობს მიმდინარე წლის 2 მაისს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, ასევე კონფლიქტზე საუბრობს მინისტერიალის დეკლარაციაც "ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მინისტერიალზე რამოდენიმე გადაწყვეტილება იყო საქართველოს შესახებ წარმოდგენილი, საქართველოს კონფლიქტის შესახებ საუბარია  დეკლარაციაში და ბუნებრივია ამ ფორუმში ჩვენი მონაწილეობა, მათ შორის მომავალი თავმჯდომარეობის კონტექსტში,  იყო მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მინისტრმა. 

 საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც 16-17 მაისს ჰელსინკში იმართება. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე