ბათუმში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება
loader

Breaking news

ბათუმში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება

  • ბათუმში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება

თბილისი: ბათუმში, 7 ჰექტარ ფართობზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ინიცირებული ახალი მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება.

პროექტი დღეს მთავრობის მეთაურმა პირადად წარადგინა.

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე კომაროვის სკოლას, საერთო საცხოვრებელს, პროფესიული განათლების ცენტრს, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, სახელოვნებო სკოლებს, სპორტულ მოედნებსა და სარეკრეაციო სივრცეს გააერთიანებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ახალი მშენებლობის პრეზენტაციაზე განაცხადა, მთავრობის მიზანია, მსგავსი პროექტები საქართველოს ყველა კუთხეში განხორციელდეს, რათა ახალგაზრდებმა თავიანთი ნიჭისა და ცოდნის სრულფასოვანი რეალიზაცია შეძლონ.

"მე ძალიან ბევრი მოსაზრება და მათ შორის უსაფუძვლო კრიტიკა მოვისმინე იმ საკითხზე, თუ რატომ არის განათლება ეროვნული იდეა. განათლება ჩვენთვის ეროვნული იდეაა იმიტომ, რომ  ეს არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევისკენ, იმისკენ, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო ვაქციოთ წარმატებულ ქვეყანად და მე ამის ღრმად მწამს. ქართველ ერს აქვს უნიკალური ნიჭი და პოტენციალი", - განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წელს განათლების ბიუჯეტი 1,6 მილიარდი ლარია, მომავალ წელს - 2 მილიარდი გახდება, 2021 წელს - 2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს ის ბიუჯეტის მეოთხედს - 3,4 მილიარდ ლარს გაუტოლდება. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის მეოთხედის მიმართვა განათლებაზე, მომავალ თაობაზე, მასწავლებლებზე, პროფესორებზე, ახალგაზრდა მეცნიერებზე, იმ ხალხზე, რომლის მხრებზეც ქართული სახელმწიფოებრიობა და საქართველოს მომავალი დგას, სწორედ ეროვნული იდეის განხორციელებას ემსახურება.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტის მნიშვნელობას, რომელიც შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა მთავრობას დაავალდებულებს, ბიუჯეტის ყველაზე დიდი რესურსი არა მომდევნო არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში მიმართოს.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს არის გზა, რომელიც საქართველოს დიდ წარმატებას მოუტანს.

"ამ პროექტის განყოფელი ნაწილი მასწავლებლების ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა. ჩემთვის პირადი ტრაგედიაა, რომ საქართველოში, მასწავლებლის ხელფასი საშუალო სტატისტიკურ ხელფასზეც კი დაბალია. შემოდგომიდან მასწავლებლების ხელფასებს ვზრდით მინიმუმ 150 ლარით, ზრდა ყოველწლიურად  გაგრძელდება და 2022 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი  1500-დან 1800 ლარამდე იქნება. ქვეყანამ, რომელიც პედაგოგის ღვაწლს ვერ დააფასებს, შეიძლება, არა მხოლოდ მომავალი, არამედ წარსულიც დაკარგოს. მინდა, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენს მასწავლებლებს და განსაკუთრებით მოვეფერო ჩვენს ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ასეთი მწირი და ხშირ შემთხვევაში საერთოდ დაფინანსების არქონის პირობებში შეძლეს და ჩვენამდე მოიტანეს დღევანდელი განათლების სისტემა, რომელსაც სჭირდება ახალი ენერგია, ახალი ინვესტიციები, ახალი ხედვა და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ეროვნული იდეის ოპონენტებზეც ისაუბრა და მათ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები უწოდა.

„ჩემთვის გასაოცარია, რომ ასეთ ეროვნულ იდეასაც კი გამოუჩნდნენ ოპონენტები, სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. სამწუხაროდ, საქართველოს უახლესი ისტორია უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქცევების ნათელი მაგალითია. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ამ ეროვნულ იდეას, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს, ასეთი ოპონენტები გამოსჩენოდა. მიუხედავად მათი პოლიტიკური დღის წესრიგისა, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლო და აცდენილია ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ ესეთებიც გამოჩნდნენ. მსურს, თქვენს წინაშე ავიღო პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ ამ ეროვნულ იდეას ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. სწორედ ეს ეროვნული იდეა იქნება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ თითოეული ჩვენგანი, მომავალი თაობა, ჩვენი ბავშვები იცხოვრებენ ერთიან და ძლიერ საქართველოში და მთელი მსოფლიო საქართველოს კიდევ ერთხელ აღმოაჩენს, როგორც ყველაზე ნიჭიერი და განათლებული ერის ქვეყანას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„განათლებისა და მეცნიერების ქალაქი" ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. ამასთანავე, სწავლების ყველა ეტაპზე როგორც უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის გაზრდას, ასევე მომავალ თაობაში პროფესიული უნარების განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე