"მერვე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო კოალიციამ "ევროპულმა უკრაინამ“ საქმიანობა შეწყვიტა“
loader

Breaking news

"მერვე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო კოალიციამ "ევროპულმა უკრაინამ“ საქმიანობა შეწყვიტა“

  • მერვე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო კოალიციამ ევროპულმა უკრაინამ საქმიანობა შეწყვიტა

კიევი: უკრაინის უმაღლეს რადაში მმართველი კოალიცია „ევროპული უკრაინა“ დაიშალა. საპარლამენტო კოალიციდან ფრაქცია „სახალხო ფრონტი“ გავიდა. ახალი კოალიციის ჩამოსაყალიბებლად დეპუტატებს 30-დღიანი ვადა აქვთ. 

როგორც ფრაქცია „სახალხო ფრონტის“ ლიდერმა მაქსიმ ბურბაკმა განაცხადა, ქვეყანაში შექმნილი ახალი გარემოებები ძალთა მაქსიმალურ კონსოლიდაციას მოითხოვს, რისთვისაც საჭიროა ახალი პრეზიდენტი, ახალი პარლამენტი და ახალი კოალიცია.

"სახალხო ფრონტი“ რადაში წარმოდგენილ ყველა ფრაქციას ახალი კოალიციის შეთანხმების მისაღწევად კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს. „სახალხო ფრონტში“ მიიჩნევენ, რომ ახალი კოალიცია ახალი სამოქმედო გეგმის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს.

მაქსიმ ბურბაკის განცხადებით, უახლოესი ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინელები ახალარჩეული პრეზიდნეტისა და ახალი პარლამენტისგან გადამწყვეტ ნაბიჯებსა და ცვლილებებს ელოდებიან.

მისი თქმით, ამავე პერიოდში პარლამენტმა და პრეზიდენტმა უნდა განახორციელონ საკონსტიტუციო ცვლილებები, კერძოდ უმაღლეს რადაში დეპუტატთა რაოდენობის შემცირებასთან, პრეზიდენტისთვის, კანონმდებლებისა და მოსამართლეების იმუნიტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით.

რადას თავმჯდომარემ ანდრე პარუბიმ „სახალხო ფრონტის“ გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა.

"გაცნობებთ, რომ დღეიდან მერვე მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო კოალიციამ „ევროპულმა უკრაინამ“ საქმიანობა შეწყვიტა“,  – განაცხადა პარუბიმ.

მან ასევე ყველა ფრაქციისა და ჯგუფის წარმომადგებლებს კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდა.

"მოდით ვაღიაროთ, რომ ეს იყო კარგი კოალიცია. გილოცავთ ყველას ერთობლივ მუშაობას“, – განაცხადა უმაღლესი რადას სპიკერმა.

უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მოვალეობის შესრულებას 20 მაისიდან შეუდგება.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე