"აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება
loader

Breaking news

"აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება

თბილისი: "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბრიუსელში დღეს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიხსნება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ.

მინისტერიალი თბილისის დროით 12:00 საათი დაიწყება. შეხვედრაზე მხარეები 10-წლიან პარტნიორობაზე, ერთობლივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე, ასევე 2020 წლის სტრატეგიაზე იმსჯელებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 13-14 მაისს, ბრიუსელში, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წელთან დაკავშირებით დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებებში.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის"  მინისტერიალს  გაუძღვება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ფედერიკა მოგერინი; მონაწილეობას მიიღებს ასევე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანი. შეხვედრაზე მინისტრები შეაფასებენ 2017 წლის "აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. მსჯელობა ასევე წარიმართება 2020 წლის შემდგომ თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე, რომლებიც ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს, პარტნიორი ქვეყნების ინტერესებისა და ამბიციების შესაბამისად.

ამასთანავე, დაგეგმილია ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკების (EIB) წარმომადგენლების შეხვედრა  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. შეხვედრაზე მხარეები ისაუბრებენ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ ქვეყნებისთვის ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტებსა და სამომავლო პროექტებზე.

მინისტერილის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

ბრიუსელში, ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანის რუმინეთის თანაორგანიზებით გაიმართება მაღალი დონის კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.  ღონისძიება დაეთმობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არსებობის 10 წლის მანძილზე მიღწეული შედეგების შეფასებას და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ მომდევნო ათწლეულის საერთო ხედვებზე, პერსპექტივებსა და მექანიზმებზე მსჯელობას.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, პარტნიორობის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ბრიუსელის „ნატიფი ხელოვნების“ სასახლეში იგეგმება საიუბილეო კონცერტი, სადაც მაყურებლების წინაშე წარსდგებიან 6 პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მუსიკალური შემსრულებლები. საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს  ახალგაზრდა პიანისტი პაპუნა შარიქაძე.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე