საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლისთავს აღნიშნავს
loader

Breaking news

საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლისთავს აღნიშნავს

  • საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლისთავს აღნიშნავს

თბილისი: 30 აპრილი ქართული არმიის დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალები დაარსებიდან 28 წლის იუბილეს აღნიშნავს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული არმიის დღის აღნიშვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყება, საიდანაც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართულ დანაყოფებს პროფესიულ დღეს მიულოცავს.

მოგვიანებით, მახათას მთაზე, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. ახალი ბინების მშენებლობას საფუძველს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩაუყრიან.

მთავარი ღონისძიება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართება. ოფიციალური ნაწილის ბოლოს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გიორგი ანწუხელიძე“ გადაეცემათ.

ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სტუმრებს საშუალება ექნებათ, სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერონ.

თავდაცვის ძალების იუბილეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს თავდაცვის ძალების დღე აღინიშნება დასავლეთ სარდლობაშიც, კერძოდ მე-2 და მე-3 ბრიგადებში სენაკსა და ქუთაისში, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სკოლების ბავშვებისთვის ღია კარის დღე გაიმართება.

დღევანდელ დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მარათონით და ოფიციალური მიღებით აღნიშნავენ.

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე