უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
loader

Breaking news

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

  • უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

კიევი: უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. კანდიდატებს შორის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მსახიობი და შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი არიან.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიკეტება. ქვეყანაში მოქმედებს 30 ათასამდე საარჩევნო უბანი, 102 საარჩევნო უბანი გახსნილია საზღვარგარეთ, მათ შორის ერთი საქართველოში.

რეგისტრირებულია 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი. არჩევნებს მონიტორინგს უწევს 22 ქვეყნისა და 19 საერთაშორისო ორგანიზაციის სამი ათასი დამკვირვებელი.

უკრაინაში არჩევნების პირველი ტური 31 მარტს გაიმართა, რის შედეგადაც, ვლადიმერ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24 პროცენტი მიიღო, პეტრო პოროშენკომ კი, 15,94 პროცენტი. 

კვლევითი კომპანია „რეიტინგის“ მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, ვლადიმერ ზელენსკის გამოკითხულთა 52% უჭერს მხარს. პეტრო პოროშენკოსთვის ხმის მიცემას რესპონდენტთა 19% გეგმავს. 19%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა არჩევანს გააკეთებს, 10% კი, არჩევნებზე მისვლას არ აპირებს.

უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე