პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია გადარჩენილია
loader

Breaking news

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია გადარჩენილია

  • პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია გადარჩენილია

პარიზი: საფრანგეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლორან ნუნესი აცხადებს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის ლიკვიდაცია სავარაუდოდ, დილისთვის მოხერხდება.

მისივე თქმით, საკათედრო ტაძრის ძირითადი საყრდენი კონსტრუქცია გადარჩენილია.

ბოლო ინფორმაციით, ხანძრის ქრობისას ერთი მეხანძრე სერიოზულად დაშავდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს უკვე რამდენიმე საათია, 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძვის.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, მთელი ძალისხმევა ღვთისმშობლის ტაძრის ჩრდილოეთის კოშკის გადარჩენისკენაა მიმართული.

საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაძარში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ყველა ზომას მიმართავენ, გარდა სახანძრო ვერტმფრენებისა, რადგან სახანძრო ვერტმფრენების გამოყენებით დაინგრევა ის კონსტრუქციებიც, რომელთა გადარჩენის შანსი არსებობს.

ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია. მათი ნაწილი მეხანძრეებმა გამოიტანეს. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრის ინფორმაციით, ხანძარს გადაურჩა იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი, რომელიც მთავარი რელიქვია.

საფრანგეთს მომხდარის გამო მსოფლიო ლიდერები სოლიდარობას უცხადებენ. ასობით მოქალაქე ტაძრის წინ გალობს, პარიზის სხვადასხვა ტაძრებში კი სოლიდარობის ნიშნად ზარებს რეკენ.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი. ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე