loader

Breaking news

"უნდა ვისწავლოთ და შევეჩვიოთ ერთმანეთის მიღებას და აღიარებას, მხოლოდ ასე შევძლებთ მოვიპოვოთ მომავალი"

  • უნდა ვისწავლოთ და შევეჩვიოთ ერთმანეთის მიღებას და აღიარებას მხოლოდ ასე შევძლებთ მოვიპოვოთ მომავალი

თბილისი: ზვიად გამსახურდია არის დიდი ისტორიული პიროვნება, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლების, დამოუკიდებლობის იდეის ახალი ძალით აღორძინება საქართველოში, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა.

"სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში დღემდე არსებობს განსხვავებული შეხედულებები პრეზიდენტ გამსახურდიას მოღვაწეობასთან დაკავშირებით! არადა, საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ თვალსაჩინო ლიდერს, რომელმაც ააღორძინა ეროვნული იდეა! ზვიად გამსახურდია არის დიდი ისტორიული პიროვნება, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლების, დამოუკიდებლობის იდეის ახალი ძალით აღორძინება საქართველოში; და როცა ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, მისი ერთ-ერთი მესაძირკვლე გახლავთ ეს პიროვნება. არიან ასევე სხვა ღირსეული ადამიანები, რომლებსაც მასთან ერთად შევავედრებთ უფალს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და შევეჩვიოთ ერთმანეთის მიღებას და აღიარებას. მხოლოდ ასე შევძლებთ მოვიპოვოთ მომავალი, განვითარება და კეთილდღეობა.

დღესაც ყურში ჩამესმის ზვიად გამსახურდიას მიერ მხურვალე გრძნობით წარმოთქმული სიტყვები: ქრისტეს გზა თუ ბარაბას გზა? დიახ, ჩვენ ტაძარში მდგომნი ქრისტეს გზას ვირჩევთ, მაგრამ ტაძრიდან გასულმა, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში უნდა ვუერთგულოთ ამ არჩევანს! ქრისტიანობა არის ჩვენი ცხოვრების გზა, ეს არის ღირებულებათა ერთობლიობა, რომელიც ჩვენ ღმრთის წინაშე გვიბრუნებს იმ სახეს, რომელსაც კარგავს ადამიანი ცოდვით დაცემის დროს. კიდევ ერთხელ, ღმერთს შევავედრებთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უკვდავ სულს.

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტის დიდ საკონფერენციო დარბაზს მიეკუთვნოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი. ეს გახლავთ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის გამოხატულება ამ ადამიანის ისტორიული ღვაწლისადმი, რასაც დრო და ჟამი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს. ვფიქრობთ, რომ ზვიად გამსახურდია მომავლის ადამიანია, რადგან მისი იდეეები და იდეალები საქართველოს სანუკვარ, დიდ მომავალს უკავშირდება!", - განაცხადა მიტროპოლიტმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე