"არა მხოლოდ ღმერთს, საკუთარ თავსაც კი ვემალებით, როცა სინდისის ხმას წავუყრუებთ და ჩვენი განცდები მიმართულია სხვათა განკითხვისკენ"
loader

Breaking news

"არა მხოლოდ ღმერთს, საკუთარ თავსაც კი ვემალებით, როცა სინდისის ხმას წავუყრუებთ და ჩვენი განცდები მიმართულია სხვათა განკითხვისკენ"

  • არა მხოლოდ ღმერთს საკუთარ თავსაც კი ვემალებით როცა სინდისის ხმას წავუყრუებთ და ჩვენი განცდები მიმართულია სხვათა განკითხვისკენ

თბილისი: საიდან გექნება განცდა თვისთა ცოდვათა, თუ შენში ცოდვას ვერ ხედავს?! მაშინ რას შეიძლება ნანობდე, განიცდიდე?! უცნაურია არა? და თუ მაინც რაღაც განცდებში ხარ, სწუხარ, შეძრწუნებულიც კი ხარ, ეს მხოლოდ ემოციური ფონია და ერთგვარი ილუზია სინანულისა, რაც ნამდვილად ვერ დაგეხმარება განახლებაში, თუნდაც ხშირად ეზიარო, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.

"ყოველი დღე დიდმარხვისა, ჩვენ ან გვაახლოებს ღმერთთან, ან გვაშორებს და შესაძლოა, კიდეც გვაუცხოვებს მისგან. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გულწრფელი ხარ ღვთის წინაშე; შემთხვევით, ადამივით ხომ არ გემართება, სამოთხეში ხეს ამოფარებული რომ ცდილობს „დაემალოს“ უფალს?!

ჩვენ არა მხოლოდ ღმერთს, არამედ საკუთარ თავსაც კი ვემალებით ხოლმე, როცა სინდისის ხმას წავუყრუებთ და ამ დროს მთელი ჩვენი განცდები მიმართულია სხვათა ცოდვებისა და მათი განკითხვისკენ.

ადამიანი შესაძლოა, ნათლობით ქრისტიანი იყოს, პირჯვარსაც იწერდეს, ტაძარშიც დადიოდეს, აღსარებასაც ამბობდეს, წმიდა ზირებასაც კი იღებდეს, მაგრამ იყოს კერპთთაყვანისცემის ცოდვაში. ჩვენ არაერთხელ შევხვედრივართ და ყოველდღიურობაშიც ვხვდებით მსგავს შემთხვევებს, და თუ კარგად გავიაზრებთ საკითხის არსს, შესაძლოა, საკუთარ თავშიც კი აღმოვაჩინოთ მსგავსი რამ.

კერპი არის ცრუ ღმერთი. კერპი არის ყველა და ყველაფერი, რამაც შესაძლოა, რომ ადამიანის შეგნებაში ჩაანაცვლოს ჭეშმარიტი ღმერთის ცნება; ადამიანს შესაძლოა, ჰყავდეს არა ერთი, არამედ მრავალი კერპი.

კერპთთაყვანისცემის ერთ-ერთი შეფარული და ძალიან მზაკვარი ფორმაა ეგოიზმი. ეს არის ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანს საკუთარი თავი ჰყავს გაკერპებული.

ეგოიზმი არის „მე“-სადმი თაყვანისცემა; („ეგო“ - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „მე“-ს) ეგოიზმი და ამპარტავნება ერთდროულად თანაარსებობენ. ეგოისტი საკუთარ თავს განსაკუთრებულ ღირსებებს მიაწერს და მიაჩნია, რომ სხვისგან განსხვავებით მეტს იმსახურებს პატივს და ყურადღებას. აქედან მოდის შინაგანი მოუსვენრობა, მუდმივი უკმაყოფილება, მღელვარება და გაბოროტებაც კი, რაც დროდადრო ზედაპირზეც გადმოდის ხოლმე. ბუნებრივია, რომ ასეთი მდგომარეობის პირობებში ადამიანი რეალობას წყდება და დამახინჯებულად აღიქვამს სამყაროს. ამ მიმართულების ბუნებრივი გაგრძელებაა, შეიძლება ითქვას, მეორე ცოდვილი გრძნობა, რასაც ჰქვია შური.

შური არის წუხილი სხვისსა სიკეთესა ზედა. შეიძლება ბევრი ჩვენგანი ფიქრობდეს, რომ ჩვენ ყველაფერი შეიძლება გვჭირდეს, მაგრამ შურიანები ნამდვილად არ ვართ. მოდით, ნუ ავჩქარდებით! უკეთ გამოვიძიოთ საკუთარი თავი! ნუთუ მართლაც არ ვართ შურიანები? იცით, ეს ისეთი მზაკვრული სახეობაა ცოდვისა, ისე შეფარულად ინიღბება, რომ მისი გამოვლენა ნამდვილად არ არის ადვილი.

კონკურენცია, ერთგვარი შეჯიბრებითობა, განაპირობებს საზოგადოების ცხოვრების, მისი სხვადასხვა სფეროების განვითარებას; ერთია, როცა ხედავ უკეთესს, კარგს, წარმატებულს და გინდა, რომ უფრო მეტი გააკეთო, უკეთესი შექმნა, მეტს მიაღწიო; და ეს ნორმალური და ჯანსაღი პროცესია, მაგრამ შურით დაავადებულ ადამიანს უჭირს სხვისი წარმატების აღიარება; მიაჩნია, რომ ის „სხვა“ ნაკლებად იმსახურებს წარმატებას, სიხარულს, ბედნიერებას; შურიანს ირგვლივ ყველაფერზე მონოპოლია აქვს გამოცხადებული.

შური ადამიანს ორიენტირებულს ხდის არა განვითარებაზე, არამედ განვითარებულისა და წარმატებულის მოსპობა-დაზიანებაზე, არა ჯანსაღი კონკურენციის გარემოში ცხოვრებაზე, არამედ კონკურენტების მოსპობა-განადგურებასა და ამ გზით მონოპოლიის მოპოვებაზე; აქამდე მიჰყავს ადამიანი შურს. ეს არის უმძიმესი სენი, ყოველგვარ უკურნებელ ხორციელ სენზე უარესი, რომელსაც ადამიანი უნდა გაურბოდე.

კერპი შეიძლება იყოს სულიერიც და უსულოც, შეიძლება იყოს ადამიანიც, რომლის მიმართაც განსაკუთრებული გრძნობები გაგაჩნია; ასეთი შეიძლება იყოს შენი, მეუღლე, მშობელი, მეგობარი, მოძღვარი, სულიერი წინამძღვარი, პოლიტიკური ლიდერი ან სხვა ან ნებისმიერი ნივთი - მატერიალური ქონება, ძვირფასეულობა, ან შეიძლება ეს იყოს განსაკუთრებული თანამდებობრივი მდგომარეობა, კარიერა და ა.შ.

მარხვა არის პერიოდი, როცა ღვთის წინაშე მდგარი, ვითარცა უძღები შვილი, მივმართავთ ჩვენს ზეციურ მეუფეს: „ვსცოდე უფალო ცად მიმართ და შენდა მომართ“; ეს არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი, მაგრამ ამას უნდა მოჰყვეს განხილვა საკუთარი თავისა და ღმრთის სამსჯავროზე გამოტანა შენი ცოდვებისა, ცოდვილი სისუსტეებისა, რომელიც გიშლის ხელს ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებაში შენსა და ღმერთს შორის, შენსა და საზოგადოებას შორის, შენსა და სამყაროს შორის, რომლის განუყოფელი ნაწილი ხარ პირადად შენ.

გწამდეს, გჯეროდეს და გახსოვდეს, რომ ღმერთი სიყვარულია; და რომ სიყვარული აცოცხლებს სამყაროს და სიცოცხლეს უხანგრძლივებს მას. შევეცადოთ, ცხოვრების გზიდან ჩამოვიცილოთ ყოველი ის გრძნობა, ჩვევა თუ თვისება, რაც წინ გვეღობება და ხელს გვიშლის ღმერთის ხილვაში და გულისყური მივაპყროთ იესოს სწავლებას: „ნეტერნი არიან წმიდანი გულითა, რამეთუ ისინი ღმერთს იხილავენ“ (მთ. 5,8.)", - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე