საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს შორის ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძეა
loader

Breaking news

საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს შორის ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძეა

  • საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს შორის ერთი ეწ კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძეა

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პოლიციის ატაშესა და საბერძნეთის პოლიციის მიერ, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ერთობლივი მუშაობის შედეგად, საბერძნეთში იდენტიფიცირებული იქნა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან.

"ბერძენმა სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – საქართველოს ოთხი მოქალაქე მიმდინარე წლის 14 მარტს, საბერძნეთში, ქალაქ ათენში დააკავეს.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი, 1981 წელს დაბადებული, ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძეა – მეტსახელად „თავა“. ასევე დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული თ.კ., 1978 წელს დაბადებული თ.ვ. და 1987 წელს დაბადებული ა.ვ. მათ, ბერძნული კანონმდებლობით, მრავალგზის ქურდობასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ედებათ ბრალი.

საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, ქართველი სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან.

საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 141 მოქალაქე, მათ შორის 10 ე.წ. კანონიერი ქურდი“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე