loader

Breaking news

საქართველოს რეგიონებში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება

  • საქართველოს რეგიონებში კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება

საქართველო, თბილისი: საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა მეორე შეხვედრა ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მოსახლეობასთან გამართეს.

ირაკლი კობახიძემ ადგილობრივ მოსახლეობას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ ოთხი თვის განმავლობაში გაწეული სამუშაო გააცნო. მისი განცხადებით, კომისიამ კონსტიტუციის პრაქტიკულად ახალი ვერსია შეიმუშავა, რომელიც სრულიად ახლებურად მოაწესრიგებს ქვეყანაში მმართველობის სისტემას და უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული მმართველობის სისტემაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ უცხოელი ექსპერტები ჯერ კიდევ 2010 წელს საუბრობდნენ, რომ მართალია საქართველო გადავიდა საპარლამენტო მმართველობაზე, მაგრამ იგი დახვეწას საჭიროებს. „ამგვარად, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. გარდა ამისა, არის ფუნდამენტური ხარვეზები, რომლებიც ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, სხვა ფუნდამენტურ პრინციპებს და ესეც არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ ცვლილებების, რომლებიც ხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მოქმედ კონსტიტუციაში არის უამრავი ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რედაქციული უზუსტობანი და ყოველივე ამის გათვალისწინებით შემუშავდა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელმაც უნდა გაუძლოს დროს და წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამასთან ერთად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა და ფაქტობრივად თავიდან დაიწერა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტიც.

ირაკლი კობახიძემ მოკლედ გააცნო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შექმნილი დოკუმენტი თავების მიხედვით და უმთავრეს პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შესრულდა, ცვლილებები შეეხო თითქმის ყველა მუხლს.

„პირველ თავში ძალიან მყარად არის განმტკიცებული ჩვენი კონსტიტუციის მთავარი ფუძემდებლური პრინციპები - დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპები. თითოეულ მათგანს ეთმობა ცალკე მუხლი და კონკრეტული გარანტიებია შექმნილი იმისათვის, რომ ძალიან მყარად იყოს შექმნილი თითოეული ამ პრინციპის რეალიზაცია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონსტიტუციის მეორე თავზე საუბრისას, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა იყო რაც შეიძლება მაღალი სტანდარტებით მომხდარიყო ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების ჩადება კონსტიტუციაში და წარმოდგენილი პროექტი იმის გარანტიაა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი საქართველოში კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება. „ძალიან ბევრი ცვლილება შედის მეორე თავში და ამოცანა ამ ცვლილებების არის ის, რომ ადამიანების უფლებების დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში და ეს ცვლილებებიც ამას ემსახურება“.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას. მან ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები გასულ წლებში უკვე გადაიდგა, თუმცა ამ რგოლის კიდევ უფრო გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, ვინაიდან „ეს ზუსტად ხელისუფლების ის რგოლია, რომელსაც ყველაზე მეტი შეხება აქვს ადგილებზე ხალხთან და რომელსაც ყველაზე მეტად უწევს ხალხზე ზრუნვა“.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეთ გააცნო კონსტიტუციურ ორგანოებს შორის ხელისუფლების გადანაწილებისა და მმართველობის პრინციპები. მან დეტალურად ისაუბრა იმ ცვლილებათა ძირითად არსზე, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. მისი განცხადებით, სწორედ ზეპარტიული პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო არის კონსტიტუციური სისტემის ძირითადი არსი.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ცვლილებების მიხედვით, პარლამენტის როლი გაძლიერდება. იზრდება პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის ხარისხი. ძლიერდება ოპოზიციის როლი პარლამენტის შიგნით.

მან ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო არჩევნების საკითხზე და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც პარლამენტის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საფუძველი გახდა. ირაკლი კობახიძემ ბლოკების გაუქმების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თუ ეს სისტემა დარჩება არჩევნების დროს, საქართველოში პარტიული სისტემა არასოდეს ჩამოყალიბდება, ვინაიდან ბლოკები ხელს უწყობენ პარტიების მერკანტილურ გარიგებებში შესვლას.

პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობის ქმედით როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა არის და რჩება იმ კონსტიტუციურ ორგანოდ, რომელიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელებას უზრუნველყოფს. მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები მთავრობის ქმედით ორგანოდ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონსტიტუციური კანონპროექტის ახალ რედაქციაში სასამართლო სისტემის მიმართ უამრავი ნორმაა ჩადებული, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას განაპირობებს. მისი თქმით, მკვიდრდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიაა. ახალ რედაქციაში პირდაპირ აღინიშნება, რომ სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს მოსამართლის გათავისუფლების საფუძველი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე, სტატუსსა და არჩევის წესზე.

„დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს მეთაური, არის უმაღლესი მთავარსარდალი და იგი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. ეს არის პრეზიდენტის სტატუსის სამი ძირითადი ნიშანი და ეს სამივე ძალაში რჩება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესიც განმარტა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ საპარლამენტო სისტემის ქვეყნებში პრეზიდენტის არჩევა სწორედ არაპირდაპირი წესით ხდება. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი პრაქტიკული პრობლემა ისაა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას. იმ სისტემაში, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული, პრეზიდენტმა უნდა ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია და იგი რომელიმე პარტიასთან ასოცირდება არჩევნებზე, კონსტიტუციის ახალი მოდელით კი პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს. საერთაშორისო ევროპული პრაქტიკაც საპარლამენტო მმართველობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის სტატუსი არ იზღუდება. მინიმალური ცვლილება შეეხება კომპეტენციებს - ესაა ეროვნული უშიშროების საბჭო (იგი უქმდება) და უზენაესი სასამართლოს წევრის წარდგენა. ეს ცვლილებები, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეფუძნება ვენეციის კომისიის დასკვნებს, რომლებიც ჯერ კიდევ 2010 წელს დაიდო.

კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის შემდეგ, შეკრებილთ კომისიის წევრებმა მიმართეს, რის შემდეგაც განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კომისიის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო არჩევნების პრინციპებზე ისაუბრა. „მთავარია საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარების შესაძლებლობა. ჩვენ ყველამ ერთად ძალიან ბევრი ქარტეხილი გამოვიარეთ, ბევრი შიდა დაპირისპირება, არეულობა და ახლა მთავარი ისაა, რომ ქვეყანას სტაბილური წინსვლის შესაძლებლობა დავუტოვოთ“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადავიდეს პროპორციული არჩევნების სისტემაზე და სხვა პარტიებსაც მიეცეს შესაძლებლობა უკეთ იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილი - ეს სისტემა მოქალაქეებსაც მეტი არჩევანის შესაძლებლობას აძლევს.

„კონსტიტუციური კანონის პროექტზე მუშაობისას ჩვენი მიზანი იყო, ერთი მხრივ, ქვეყნის სტაბილური განვითარება შეგვენარჩუნებინა, მეორე მხრივ, ძალაუფლების ერთ ხელში დიდი დოზით კონცენტრაციაზე უარი გვეთქვა და ჩვენი მოქალაქეებისათვის სამომავლოდ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა მიგვეცა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეკრებილთ ასევე მიმართა საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწემ, ექსპერტმა თენგიზ შარმანაშვილმა, რომლის შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით ფაქტობრივად მოხსნილია ავტორიტარული მმართველობის რისკი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ თაობას ნამდვილად გარანტირებულად მოუწევს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება.

შეკრებლთ მიმართა პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თამჯდომარე მამუკა მდინარაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ახალი კონსტიტუციური კანონის პროექტი ნამდვილად უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ, სტაბილურ განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას. 

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა უპასუხეს მოქალაქეთა კითხვებს, რომლებიც ეხებოდა როგორც კონსტიტუციური კანონპროექტის ცალკეულ ნორმებს, ასევე საზოგადოებისთვის საჭირბოროტო სხვა საკითხებს.

განხილვის შეჯამებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა: „კონსტიტუცია იცვლება ფუნდამენტურად, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნას ისეთი დოკუმენტი, რომელიც გაუძლებს დროს და რომელსაც აღარ დასჭირდება ცვლილებების შეტანა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. ეს იყო ჩვენი მიზანი და ვფიქრობ, რომ ეს ამოცანა შესრულებულია და წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება დახვეწილი კონსტიტუცია“.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე