loader

Breaking news

არაფერი კარგი - 2018 წლის ქრონოლოგია უკეთესი მომავლის იმედით

  • არაფერი კარგი - 2018 წლის ქრონოლოგია უკეთესი მომავლის იმედით

თბილისი: 2018 წელს საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი და ხმაური პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოვლენა მოხდა - ოკუპანტების მიერ ყოფილი სამხედროს არჩილ ტატუნაშვილის გატაცება და მკვლელობა, რომლის ნაწამები ცხედარი ოჯახს შინაგანი ორგანოების გარეშე თითქმის ერთი თვის შემდეგ გადასცეს, განხეთქილება მმართველ გუნდში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის არჩევა, ოპოზიციის გაერთიანება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და პროტესტი, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებები პარლამენტში, მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ ბოლო ანგარიშის წარდგენისას სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვება, შვილმოკლული მამების - ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია პარლამენტთან სამართლის მოთხოვნით, სკანდალური ჩანაწერები პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის და მოქმედი დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის მონაწილეობით, "ომეგას" საქმე, ტელეკომპანია "იბერიას" დახურვა და მისი დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის სკანდალური განცხადებები ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოფილი მინისტრების დაბარებები დაკითხვებზე, არაერთი გახმაურებული და სასტიკი მკვლელობა, სპეცოპერაცია "ბასიანში", ლარის კურსის რეკორდული გაუფასურება, გაზრდილი ფასები...

მიმდინარე წელი რამდენიმე პოლიტიკური მოვლენით გამოირჩეოდა, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მცოცავი ანექსიის გაგრძელებაა, რომლის შეჩერება მოქმედმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ასევე მიმდინარე წელს ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი სირიამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.

წელს ქვეყანას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სტუმრობდა. 2018 წელს საქართველოსა და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთობა დაიძაბა. საზღვარზე არშემოშვების ახალი პოლიტიკის დამსახურებით საქართველოში ჩამოსული ირანის მოქალაქეების დიდი ნაწილი უკან გააბრუნეს. ამ ფაქტს კი ირანის მხრიდან ოფიციალური გაფრთხილება მოჰყვა.

ყველაზე სერიოზული საგარეო მოღწევა კი ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობა იყო.

ნატო-ს უკანასკნელი სამიტიდან 2018 წელს ქართულმა დელეგაციამ ჩამოიტანა შავ ზღვაზე გააქტიურების დაპირება.

22 თებერვალს ოკუპანტებმა ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს სამი მოქალაქე  - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გაიტაცა, 23 თებერვალს დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი კიბეზე დაგორების შედეგად მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, მალევე კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ე.წ. ხელისუფლებამ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი იზოლატორიდან მალევე გაათავისუფლა, წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი კი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს.  ის მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე საქართველომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა.

26 აპრილს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა და გადაწყვეტილება სამი მიზეზით ახსნა: "პირველი მიზეზია - ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ, ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები;

მეორე - ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი.

მესამე - ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები", - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2 მაისს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა. პრეზიდენტის რიგითი გამოსვლა მარგველაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილებით მოექცა ყურადღების ცენტრში - როგორც განაცხადა, იმის გამო, რომ მას დეპუტატებთან დისკუსიაში შესვლის საშუალება არ მიეცა, პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 13 ივნისს თანამდებობიდან გადადგა. კვირიკაშვილის თქმით, გადადგომის მიზეზი მმართველ გუნდთან და პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან განსხვავებული შეხედულებების ქონა იყო. 20 ივნისს პრემიერის პოსტი მამუკა ბახტაძემ დაიკავა.

28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომლის პირველ ტურში გამარჯვება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. მეორე ტურში კი ერთმანეთს "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 28 ნოემბრამდეც და შემდეგად ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა - "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლები 5 კგ კარტოფილით და ხახვით, ასევე 600 ათასი მოქალაქისთვის პრობლემური ვალების ჩამოწერით მოისყიდა. მათივე თქმით, უპრეცენდეტო ზეწოლა ხორციელდებოდა საჯარო მოხელეებზე, ოპოზიციის წევრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

9 დეკემბერს გარდაიცვალა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომლის ოჯახიც ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მასზე ზეწოლაში ადანაშაულებდა.  ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია 4 ადამიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

"ჩვენ საქმეში ამ ეტაპისთვის გამოკვეთილია ოთხი მონაწილე, რომელთა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებას ვითხოვთ. აქედან ერთი არის განათლების მინისტრი, რომლის ბრძანების საფუძველზეც ჩატარდა "ინსპექტირების სპეც-ოპერაცია" და ორი კი უშუალო შემსრულებელია. ამ სამიდან არც ერთი არ გამოცხადდა დღეს კომიტეტზე, მათ გარეშე არანაირი აზრი სხდომის ჩატარებას არ ჰქონდა, იმ მეოთხემ მოიტანა რაღაც პრეზენტაცია/სტატისტიკა...", - აცხადებს შენგელია.

16 დეკემბერს თელავში არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც 55-მდე ქვეყნის დელეგაცია დაესწრო, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი მხოლოდ ერთი - სომხეთის პრეზიდენტი იყო. იმავე დღეს გაერთიანებული ოპოზიციას პოლიციამ თელავში ჩასვლის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირტიკაძე.

წლის ბოლოს "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირება კვლავ გამწვავდა, ამჯერად პარტია არავის დაუტოვებია, თუმცა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა და მიზეზად მოსამართლეების დანიშვნის საქმე დაასახელა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ და რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ მათთვის ეს განცხადება გაუგებარია, რასაც ერთმანეთის მიმართ თავშეკავებისკენ მოწოდებები და "მეორე ფაზაზე" საუბრები მოჰყვა. მმართველ პარტიაში არსებულმა ჯგუფებმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოიჩინეს თავი ერთმანეთის შეურაცხმყოფელი განცხადებებით და შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანით და როგორც ჩანს, მმართველ გუნდში არსებული მდგომარეობა ამით არ დასრულდება.

პარლამენტმა საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში 51 პლენარული სხდომა გაიმართა. 2018 წელს კანონმდებლებმა ჯამში 705 კანონპროექტი მიიღეს და 49 ხელშეკრულების და შეთანხმების სარატიფიკაციო დოკუმენტს დაუჭირეს მხარი. საქართველოს პარლამენტმა მიიღო დეპუტატების მიერ ინიცირებული 257, ხოლო კომიტეტების მიერ ინიცირებული 36 კანონპროექტი, თუმცა საზოგადოებას პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებზე მეტად მორიგი დაპირისპირება დაამახსოვრდა, როდესაც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ნიკა მელიას დაუპირისპირდა.

რაც შეეხება კრიმინალს - ყველაზე გახმაურებეულ მკვლელობებს შორისაა მამინაცვალის მიერ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს საქმე, რომელმაც ვეფხია ბაქრაძემ ყელი გამოჭრა, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 

ხადას ხეობაში ამერიკის მოქალაქეები - ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი მოკლეს, ბრალდებული 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაურია, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს. 

გორში 9 წლის გოგონა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ მოკლული იპოვეს, ნანა ბერიაშვილი მკვლელობის ბრალდებით 34 წლის წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაუჩინარებული კიდევ ერთი მოზარდის საქმეშიც ფიგურირებს.

კიდევ ერთი გახმაურებული საქმე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაა, რომელსაც შეყვარებულმა 27-ჯერ დაარტყა დანა. ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა მიესაკა, თუმცა მას მკვლელობა ამ დრომდე არ უღიარებია.

ამ დრომდე სამართალს ითხოვენ შვილმოკლული მამები - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა, პარლამენტთან კარვებში იმყოფებიან, თუმცა სარალიძის მიერ კარვის გაშლის მცდელობას არაერთხელ მოჰყვა დაპირისპირება პოლიციასთან, რომელიც მას ამის უფლებას არ აძლევდა. 

ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა კვლავ უცნობია, განაჩენის გამოცხადებას შვილმოკლული მამის საპროტესტო აქციები და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა მოჰყვა.

მიმდინარე წელი ხელისუფლების მიერ სამოქალაქო სექტორზე არაერთხელ თავდასხმითაც გამოირჩეოდა, პრობლემად რჩება სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებიც.

2018 წელს ლარის კურსის ვარდნას ფასების ზრდა მოჰყვა, გაძვირდა პური, საწვავი, საკვები პროდუქტები - ქვეყანაში ყოველი მეხუთე მოქალაქე შიმშილობს. 

ეს წელი წარმატებული აღმოჩნდა ქართველი სპოტსმენებისთვის, რომლებმაც ქვეყანას ბევრი აღიარება და სხვადასხვა სინჯის მედლები მოუტანეს. 



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე