დღეს თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს
loader

Breaking news

დღეს თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს

  • დღეს თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დღეს თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს კრიმინალური პოლიციის ახალ დანაყოფს, რომელმაც ეტაპობრივად, სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება პირადად მიულოცა და სიტყვით მიმართა.

"დღეს ჩვენთვის არის ძალზე მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს სისტემური განახლების რეფორმა და თქვენ ხართ პირველი რეალური პრაქტიკული ნაბიჯი ამ რეფორმის განხორციელებაში. თქვენი ფუნქცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც გახლავთ, ვიზრუნოთ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ კრიმინალური პოლიციის რეფორმა, კონკრეტულად კი, მისი სპეციალიზაცია საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით. დღეს თქვენ თბილისის ერთ-ერთ რაიონში იწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას. თქვენი პირველი ნაბიჯები იქნება იმ ხიდის აღდგენა და გამყარება, რომელსაც ჰქვია ნდობა პოლიციასა და ჩვენს მოქალაქეებს შორის. თქვენი ყველაზე დიდი მიზანია, იზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და თქვენი მიზანია – პრევენცია, რათა თავიდან ავირიდოთ დანაშაული. სწორედ ეს ღირსეული ფუნქცია უნდა შეასრულოთ უაღრესად ეფექტურად და ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენს ქალაქში მშვიდი და უსაფრთხო გარემო, რომელშიც მოქალაქეებმა უნდა იშრომონ და იზრუნონ თავიანთ ოჯახებზე.

მართლწესრიგის ოფიცერი არის თანამედროვე მიდგომების ყველაზე მაღალი საფეხური საპოლიციო მომსახურებაში. ის კომპონენტია, რომელზეც უნდა იყოს დამყარებული ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება. უნდა მოიპოვოთ ისეთი ხარისხის ნდობა, რომ თითოეული ოჯახი აღგიქვამდეთ როგორც მათზე მზრუნველ მეგობრად. ეს არის ღირსეული მსახურება და მინდა, გისურვოთ ამ თქვენს პირველ ნაბიჯებში წარმატება. მინდა, გისურვოთ ღირსეული მსახურება ამ ქალაქის და ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“. – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

ოფიცრების შერჩევა მოხდა არსებული თანამშრომლებიდან, მათ რამდენიმეთვიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს და დღეიდან დაიწყეს მუშაობა თბილისის კრიმინალური პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში.

პარალელურად, ღია კონკურსის მეშვეობით მოხდა მოსახლეობიდან მართლწესრიგის ოფიცრების ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა, რომლებიც ამჟამად ინტენსიურ სწავლებასა და მომზადებას გადიან.

ეტაპობრივად, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ჯერ თბილისის მასშტაბით ყველა უბანში, ხოლო მოგვიანებით მთელს საქართველოში დაინერგება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე