ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში: გამართლდება თუ არა მოლოდინები?
loader

Breaking news

ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში: გამართლდება თუ არა მოლოდინები?

  • ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში გამართლდება თუ არა მოლოდინები

კიევი: 23 აგვისტოს საქართველოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. კანცლერის წინა ვიზიტი საქართველოში ათი წლის წინ განხორციელდა და ოფიციალური პირების განცხადებით, დაგეგმილ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, ანგელა მერკელის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს.

"მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა, ეს ვიზიტი მოიცავს ეკონომიკურ კომპონენტსაც, ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც, რომელთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გვექნება საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიებიც.

ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველო-გერმანიის ურთიერთოების შემდგომ გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობებისა და მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას", - განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 აგვისტოს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა, განსახილველ საკითხებს შორის საქართველოს საკითხი არ ყოფილა - ორი ქვეყნის ლიდერს მიგრაციის კრიზისზე, სირიის კონფლიქტსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე უნდა ესაუბრათ.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში, ქვეყნის გამოწვევების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ გერმანიის კანცლერის მხრიდან მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდება.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, გამომდინარე იქიდან, რომ გერმანიის კანცლერის ბოლო ვიზიტი საქართველოში 10 წლის წინ განხორციელდა და ასევე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ისეთი წამყვანი ქვეყანა, როგორიც გერმანიაა და მისი კანცლერი სტუმრობს საქართველოს. ასევე, ველოდებით, რომ მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება გერმანიის კანცლერის მხრიდან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების ყველა აქტუალურ საკითხს განიხილავენ.

„ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, რომელიც აქტუალურია საქართველო- გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზებზე, გერმანიასთან და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობაზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ხაზგასმული იქნება ეკონომიკური საკითხებიც. ასევე, გერმანიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელშიც გერმანიის მხრიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Front news International-თან საუბრისას აცხადებს, რომ გერმანია ცდილობს, ინიციატივა თავის ხელში აიღოს და რუსეთთან ურთიერთობაში თავისი პოლიტიკა ჩამოაყალიბოს, რომელსაც შემდეგ ევროპას შესთავაზებს, როგორც ამერიკის პოლიტიკის ალტერნატივას. მისივე თქმით, საქართველო სწორედ ამ სტრატეგიის ელემენტია. 

საქართველოს პარლამენტის წევრის სოფიო ქაცარავას განცხადებით, ანგელა მერკელის ვიზიტი ორი ქვეყნის თანაშრომლობის დემონსტრირებაა.

"გერმანია საქართველოს საიმედო მხარდამჭერია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მთელ რიგ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია, თავდაცვა, ეკონომიკა, განათლების და ა.შ., რაც უდავოდ ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატო-ში. დარწმუნებული ვარ, კანცლერი ვიზიტი კიდევ უფრო  შეუწყობს ხელს გერმანულ-ქართული ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლას, ასევე სტიმული გახდება როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობების გასაღრმავებლად, ასევე ევროკავშირთან, ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა და ეკონომიკა, გარდა უკვე წარმატებული პოლიტიკური თანამშრომლობისა, რომელიც ქვეყანებს ათწლეულების განმავლობაში აკავშირებთ", - აცხადებს დეპუტატი.

 

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს და გერმანიის ურთიერთობა შესამჩნევად გაცივდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ანკელა მერკელის პოზიცია გახდა. გერმანიის კაცლერმა მაშინ განაცხადა, რომ რუსი სამხედროების რიგი ქმედებები გამართლებული იყო იმ სიტუაციით, რომელიც ცხინვალის რეგიონში შეიქმნა. გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, მერკელმა საქართველოსთან ურთიერთობა შეცვალა.

2017 წელს საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ანგელა მერკელის შეხვედრა გაიართა, სადაც დიდი ყურადღება დაეთმო საქართველო-გერმანიის ურთიერთობების დინამიკას პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. 

10-წლიანი პაუზის შემდეგ გერმანიის კანცლერი საქართველოს ეწვევა, თუმცა ამ დროის განმავლობაში არანაირი ცვლილება საქმეში, სამწუხაროდ, არ არის, ყველაფერი ან ქაღალდზე რჩება, ან სიტყვებად, ამიტომ შეიცვლება თუ არა ამ ვიზიტით რამე, რთული სათქმელია, თუმცა გამოცდილების გათვალისწინებით, ალბათ, უფრო - არა. 

გერმანიამ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დიდი ხნის წინ დაამაყარა - 1918 წლის მაისში, რომელიც 1921 წლის მარტამდე მოქმედებდა, შემდეგ კი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 13 აპრილს აღდგა.

ქართული-გერმანული მაღალი დონის შეხვედრა ბოლოს ბერლინში 2017 წლის სექტემბერში გიორგი კვირიკაშვილსა და ანგელა მერკელს შორის გაიმართა.

ანგელა მერკელი კი თბილისს 2008 წელს სტუმრობდა, როდესაც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე