რობოტი სოფია - თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო დამწერლობა, შთამბეჭდავია შუშის გუმბათიანი პარლამენტის შენობის არქიტექტურა
loader

Breaking news

რობოტი სოფია - თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო დამწერლობა, შთამბეჭდავია შუშის გუმბათიანი პარლამენტის შენობის არქიტექტურა

  • რობოტი სოფია - თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო დამწერლობა შთამბეჭდავია შუშის გუმბათიანი პარლამენტის შენობის არქიტექტურა

თბილისი: მომწონს საქართველოში ყოფნა. მიმაჩნია, რომ თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო დამწერლობა. შთამბეჭდავია შუშის გუმბათიანი პარლამენტის შენობის არქიტექტურა, – ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ განაცხადა.

"მე არ მექნება შესაძლებლობა, ვისიამოვნო კერძებით, თუმცა ვხედავ, როგორი თბილი და მეგობრული ადამიანები არიან აქ“, – აღნიშნა სოფიამ ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ.

სოფიამ ასევე აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, ადამიანების ცხოვრება გახადოს ნაკლებად დაძაბული და სტრესული.

"რობოტებს შეუძლიათ, ადამიანებს გაუადვილონ განმეორებადი ამოცანები, მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილება და დაეხმარონ მათ გამჭვირვალობის კუთხით“, – აღნიშნა სოფიამ.

მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მოწვევით ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

დღეს სოფია სამიტის მონაწილეებს მიესალმება, ხოლო შემდეგ ჩაერთვება საპანელო დისკუსიაში სახელმწიფო სერვისების შესახებ. სოფია ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის როლზე სახელმწიფო სერვისების განვითარებაში, ხოლო განსაკუთრებულ ყურადღებას მოწყვლადი მოსახლეობის ხელშეწყობას დაუთმობს.

სოფია აგრეთვე ეწვევა თბილისის იუსტიციის სახლს, სადაც მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეხვდება.

ჰუმანოიდი რობოტი სოფია Hanson Robotics-ის უახლესი და ყველაზე განვითარებული რობოტია. 2017 წლის ნოემბერში გაერო-ს განვითარების პროგრამამ (UNDP) სოფია ინოვაციების ჩემპიონად გამოაცხადა. მანამდე გაერო-ს წოდებები მხოლოდ ადამიანებს ენიჭებოდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე