"ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა"
loader

Breaking news

"ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა"

  • ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა

თბილისი: 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.

1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. 

1917 წლის ნოემბერს საოპერო თეატრში მოწვეულ იქნა ეროვნული ყრილობა, სადაც თავი მოიყარეს ქართული პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლება. ჟორდანიამ, როგორც ყველაზე გავლენიანი პარტიის ლიდერმა, წაიკითხა მოხსენება, სადაც მხარი დაუჭირა საქართველოს და ამიერკავკასიის ფედერაციის დამოუკიდებლობას. ყრილობამ აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელის თავმჯდომარედ ჟორდანია იქნა არჩეული. 15 ნოემბრიდან თბილისში ამოქმედდა ამიერკავკასიის კომისარიატი (თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორი) და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო — ამიერკავკასიის სეიმი.

1918 წელს 26 მაისს, დილით დაიშალა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა და ამიერკავკასიის სეიმი. დღის 5 საათსა და ათ წუთზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა.  ეროვნული საბჭოს სხდომაზე დამოუკიდებლობის აქტი ჟორდანიამ წაიკითხა. 

1918 წლის 26 მაისს მიღებულ იქნა “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო, საქართველო მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. “დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკაკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს:

დამოუკიდებლობის აქტი

1) ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2) დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი – მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.

7) დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

ჟორდანია ფაქტობრივად აღმოჩნდა საქართველოს რესპუბლიკის დროებითი პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო 24 ივლისიდან გახდა საქართველოს დროებითი მთავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილის ნაცვლად. 

1919 წელს მოეწყო პროპორციულ სისტემაზე დაფუძნებული არჩევნები დამფუძნებელი კრებისა. კრება 12 მარტს გაიხსნა. 130 დეპუტატიდან 109 სოციალ-დემოკრატი იყო, შესაბამისად, ჟორდანიამ შეძლო წმინდა პარტიული მთავრობის ჩამოყალიბება. 

1920 წლის დეკემბერში ერთა ლიგამ უარი უთხრა საქართველოს და სომხეთს წევრად მიღებაზე, მაგრამ ერთ თვეში, 1921 წლის იანვარში საქართველომ მიაღწია საერთაშორისო იურიდიულ აღიარებას. თებერვალში დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. თებერვალში საქართველოში რუსეთის არმია შემოვიდა. 

1921 წლის 24 თებერვალს დაიწყო ქართული ჯარების უკანდახევა. ჟორდანიამ უკანასკნელი მატარებლით დატოვა თბილისი, ქუთაისში დარჩა ორი დღით, შემდეგ დაბინავდა ბათუმში. საქართველოში შემოჭრილი წითელი არმიის ბოლშევიკი ლიდერები ლენინის დავალებით ცდილობდნენ, დაეყოლიებინათ ჟორდანია საქართველოში დარჩენასა და კაპიტულაციაზე, სთავაზობდნენ მას გარანტიებს, რომ არ დასჯიდნენ. 17 მარტს ჟორდანიამ მთავრობის წევრებთან ერთად გემით დატოვა საქართველო.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წელს, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე შეძლო. 

მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე