1921 წლის 25 თებერვალს დამოუკიდებლობის 3-წლიანი ისტორია დასრულდა, საქართველო ოკუპაციის ქვეშ მოექცა
loader

Breaking news

1921 წლის 25 თებერვალს დამოუკიდებლობის 3-წლიანი ისტორია დასრულდა, საქართველო ოკუპაციის ქვეშ მოექცა

  • 1921 წლის 25 თებერვალს დამოუკიდებლობის 3-წლიანი ისტორია დასრულდა საქართველო ოკუპაციის ქვეშ მოექცა

თბილისი: საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1918 წლის 26 მაისი) სამ წელში, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

1921 წლის 25 თებერვალს, 12:00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის 3-წლიანი და საქართველოს კონსტიტუციის 4-დღიანი ისტორია დასრულდა, საქართველო ოკუპაციის ქვეშ მოექცა.

ამიერკავკასიის გასაბჭოება დღის წესრიგში 1920 წელს დადგა. 1920 წლის აპრილის მიწურულს წითელმა არმიამ ბაქო აიღო, წლის დასასრულს - ერევანი და ჯერი თბილისზე მიდგა. საქართველოს ოკუპაცია შემდეგი სცენარით იყო დაგეგმილი: საქართველოში უნდა მომხდარიყო არსებული მთავრობის წინააღმდეგ მშრომელთა შეიარაღებული გამოსვლა. აჯანყებულთ უნდა შეედგინათ მთავრობა, რომელიც საქართველოს მშრომელთა სახელით მიმართავდა საბჭოთა რუსეთს დახმარებისათვის. აჯანყების ინიცირება დაიწყო 11 თებერვლის ღამეს ლორეს რაიონში, რეალურად კი ეს არა აჯანყება, არამედ სომხეთში განლაგებული წითელი არმიის ნაწილების თავდასხმა იყო საქართველოზე. მოულოდნელი თავდასხმის გამო ქართული ნაწილები დამარცხდნენ და დიდი დანაკარგიც განიცადეს. 11 თებერვლის აჯანყება ქართველებს სომეხთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მცდელობა ეგონათ, ამიტომ მათ ჯარი სადახლოს მიდამოებში განალაგეს. რუსების ჯარი, რომელმაც საზღვარი წითელი ხიდიდან გადმოლახა, ზურგიდან დაესხა ქართველებს თავს და დიდი ზარალიც ანახა. თავდაპირველად ქართველებს 10000 კაციანი ჯარი გააჩნდათ, ხსენებული შეტაკების შემდეგ კი თბილისში მხოლოდ 2000–მა კაცმა მოიყარა თავი. საბჭოთა რუსეთს, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შედარებით, მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. 

1921 წლის 16 თებერვლისთვის მთლიანობაში საბჭოთა სამხედრო ძალები მე–11 და მე–9 არმიის ჩათვლით, ასევე მხარდამჭერ ერთეულებიანად – 98–ე მსროლელი ბრიგადის, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ბაქოს წითელი ბრიგადის ჩათვლით, 40 ათასზე მეტ გამოცდილ მეომარს ითვლიდა 4 300–იანი კავალერიით, მათ შორის, ასევე გააჩნდა 196 ცალი საარტილერიო დანადგარი, 1065 ერთეული ტყვიამფრქვევი, 50 თვითმფრინავი, 7 ჯავშნოსანი მატარებელი, 4 ტანკი და უამრავი ჯავშნოსანი მანქანა. ამ ძალებისთვის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეძლო, მხოლოდ 1 და მე–2 მსროლელი დივიზიის 11 ათასი ჯარისკაცი, სამთო საარტილერიო დივიზია, სოხუმის 1 სასაზღვრო პოლკი, მე–2 სასაზღვრო პოლკი დაეპირისპირებინა.

16 თებერვალს წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდის მეშვეობით საქართველოს სამხრეთ საზღვარი გადმოლახეს და სოფელი შულავერი დაიკავეს. აქ მათ მოხალისეთა რაზმებმა კახეთიდან სტეფანე ახმეტელის მეთაურობით წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგ ბოლშევიკები ჩრდილოეთით თბილისისკენ დაიძრნენ.

17 თებერვალს სამხედრო ძალებს სათავეში ჩაუდგა მთავარსარდალი – გენერალი კვინიტაძე. მან ფრონტის ხაზის სამ ნაწილად დაყოფაგადაწყვიტა. ცენტრალური მხარე – გიორგი მაზნიაშვილს, დასავლეთი – ალექსანდრე ანდრონიკაშვილს, ხოლო აღმოსავლეთი გენერალ ჯიჯიხიას  გაუნაწილდათ.

18 თებერვალს იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანის იქით განდევნეს.

19 თებერვალს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რუსების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა, ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა. ქართველები არა მარტო იგერიებდნენ მტრის შემოტევებს, არამედ თვითონაც გადადიოდნენ კონტრშეტევებზე და ამ საქციელით მტრის გაოცებას იწვევდნენ. ქართველებმა 1000 ტყვე იგდეს ხელთ.

20 თებერვალს კოჯრის რაიონში მე-11 წითელი არმიის ნაწილები კვლავ დამარცხდნენ, ბრძოლის ველზე ზარბაზნები და ტყვიამფრქვევები მიატოვეს და უკან დაიხიეს.

19-20 თებერვალს სოფელ ტაბახმელასთან, თბილისის მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი ა. ჩხეიძე მეთაურობდა. სოფელი ქართველ იუნკერებს დარჩათ, თუმცა წითელმა არმიამ მათ გვერდი აუარა და შეტევა გააგრძელა.

23 თებერვალს სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა (გენერალმა წულუკიძემ ლიანდაგები ააფეთქა და გზები დაანგრია, რომ მტრის შემოსვლა შეეჩერებინა), რამაც რუსეთის რეზერვის შევსება გამოიწვია და მათი შეტევა გააძლიერა დედაქალაქის მიმართულებით.

17-24 თებერვალს ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის მისადგომებთან. მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, 24 თებერვლისთვის რუსეთ-საქართველოს ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კმ-ზე იყო გადაჭიმული, რომლის დაცვა რეზერვების სიმცირის გამო შეუძლებელი ხდებოდა. თბილისის მისადგომები ზოგ რაიონში საერთოდ დაუცველი იყო. თბილისის მისადგომებთან გამართული სისხლისმღვრელი ბრძოლებისას იუნკერებთან ერთად დაეცა პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

23 თებერვალს კოჯორ–ტაბახმელასთან ბრძოლები შეწყდა, კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში. იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს. აღნიშნული ტაძარი კი (აგებული 1897 წ.) 1930 წელს კომუნისტური იდეოლოგიისა და რეჟიმის შედეგად დაანგრიეს. 

24 თებერვალს, 22:00  საათზე მთავრობამ და გენერალმა გ. კვინიტაძემ მიიღეს გადაწყვეტილება მცხეთის მიმართულებით უკანდახევისა და ახალი გამაგრებული ხაზის შექმნის შესახებ. მთავრობამ დატოვა თბილისი.

25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ. ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ ლენინს დეპეშით აცნობა: "თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას!“.

თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტაკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. მთავრობა ბათუმში გადავიდა. მას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. იმავე წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. 

2010 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას, ყოველ 25 თებერვალს, ოკუპაციის ასეულ ათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, რომლებიც კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა, დაუშვას სახელმწიფო დროშები და გამოცხადდეს წუთიერი დუმილი.


 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე