2017 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები
loader

Breaking news

2017 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

  • 2017 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები

თბილისი: 2017 წლის ყველაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოში.

2017 წლის დასაწყისიდან ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი ხანძარი დაფიქსირდა, 30 იანვარს "ბავშვთა სამყარო" დაიწვა, მოვაჭრეებს პროდუქცია თითქმის სრულად გაუნადგურდა. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, თანხა 345 დაზარალებულზე გადანაწილდა და თითოეულმა 3 000 ლარი მიიღო, თუმცა მოვაჭრეები აქციებს დროდადრო მაინც მართავენ და დამნაშავის დასჯასთან ერთად მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას მოითხოვენ.

ხანძრისგან განადგურდა ასობით ჰექტარი ტყე, მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განადგურებული ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში აქრობდნენ. საქართველოს ცეცხლის ჩაქრობაში რამდენიმე ქვეყანა ეხმარებოდა.

წლის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაჩენილ ხანძრებს ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბათუმში 24 ნოემბერს სასტუმრო "ლეო გრნადში" ხანძრის შედეგად 11 ადამიანი - საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

2 თებერვალს კენჭისყრაზე ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს მხარი დაუჭირა. 553 მომხრე და 66 წინააღმდეგი – ამ შედეგით დასრულებულმა კენჭისყრამ საქართველოსთვის ევროპის საზღვრები გახსნა. გადაწყვეტილება კი ძალაში 28 მარტიდან შევიდა – ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა პირველად გადაკვეთეს ევროპის საზღვარი უვიზოდ.

10 თებერვლს დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. დეკანოზს ბრალად წარუდგინეს განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით. 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. საქმე სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. წინა ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარე.

11-12 მარტს ბათუმში საპატრულო პოლიციასა და მოქალაქეს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაწყებულ აქციას რამდენიმე საათში რამდენიმე ასეული ადამიანი შეუერთდა, რასაც მალე ქალაქში არეულობა მოჰყვა. აქციაზე დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი, პოლიციელები და აქციის მონაწილეები. პოლიცია აქციის მონაწილეებს პერიოდულად ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით პასუხობდა. გამთენიისას ბათუმში სპეცრაზმი გამოჩნდა, თუმცა აქცია უკვე დაშლილი იყო. 11-12 მარტის აქციის ორგანიზებისთვის დაკავებულია ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე.

29 მაისს თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. მუხთარლის თქმით, ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ. მისიve თქმით, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით კი, მუხთარლიმ თვითონ გადაკვეთა საზღვარი, სადაც ის დააკავეს კონტრაბანდული ფულის გადატანის ბრალდებით.  

მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. სტრასბურგის სასამართლომ საქმეს "აფგან მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ" პრიორიტეტი მიანიჭა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამჟამად ბაქოში პატიმრობაში იმყოფება, მისმა მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ შვილთან ერთად საქართველო 11 ოქტომბერს დატოვა.

2017 წელს საქართველოს არაერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ესტუმრა, თუმცა წლის მთავარი სტუმარი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იყო, რომელიც ქვეყანას ივლისის ბოლოს სტუმრობდა. ვიზიტისას მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას შეეცდება.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მოქალაქეებმა 64 მერი და 64 საკრებულოს 2058 წევრი აირჩეს. თითქმის ყველა ოლქში არჩევნები მმართველმა პარტიამ მოიგო, მათ შორის დედაქალაქშიც, თბილისის მერის პოსტზე დავით ნარმანია ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ შეცვალა.

21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, შედეგად დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი. "ისლამური სახელმწიფოს" წევრმა ახმედ ჩატაევმა სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა, ადგილზე იქნა ლიკვიდირებული მისი დაჯგუფების ორი წევრი.

ახმედ ჩატაევის ლიკვიდაციიდან ერთ თვეში, 26 დეკემბერს კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა ამჯერად პანკისში, რომლის შედეგად სუს-ის ინფორმაციით, ტერორისტული საქმიანობის მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. ბრალდების მიხედვით, დაკავებულები, სავარაუდოდ, აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში.

სპეცოპერაციისას მძიმედ დაიჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. პანკისის მოსახლეობა მომხდარს აპროტესტებს.

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე ქაშუეთის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი,  ქორეპისკოპოსი შიო მუჯირი დაასახელა.

1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე დაპირისპირებისას 51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე მოკლეს, ერთი მათგანი ადგილზე, მეორე კი - 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებულია ორი მოზარდი. ასევე 2 დეკემბერს წყალტუბოში 17 წლის მოზარდი მისმა თანატოლმა მოკლა. 

2017 წელს ოთხით შემცირდა სამინისტროებისა და მინისტრების რაოდენობა, რის შემდეგაც მთავრობის განახლებული და შემცირებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება გახდა საჭირო. საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 22 დეკემბერს გამოუცხადა, თუმცა ნდობის გამოცხადებამდე მოსმენები პარლამენტში დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირება 20 დეკემბერს მოხდა, როდესაც მთავრობამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრაზე დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, იქამდე კი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას აგინა.

2017 წელს მომზადდა საპენსიო რეფორმის კანონპროქტი, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, თბილისში აბრეშემის გზის ფორუმი ჩატარდა და წლის ბოლოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა დაიწყო. მთავარ გამოწვევად დასახელდა ლარის კურსის მკვეთრი მერყეობები.

2017 წელს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობა მთელს მსოფლიოში საქართველოდან გავრცელდა.

წელს საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი გახდა, გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნდა. 

2017 წელს დამონტაჟდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, ძალაში შევიდა ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი, ამოქმედდა მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება. 

თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, განხორციელდა საერთაშორისო პროექტები, ჩატარდა რამდენიმე საერთაშორისო სწავლება რამდენიმე ქვეყნის მონაწილეობით, შემუშავდა რეზერვის ახალი კონცეფცია. 

ქართველმა სპორტსმენებმა 2017 წელს 884 მედალი - 289 ოქრო, 239 ვერცხლი და 356 ბრინჯაო მოიპოვეს. ქართული სპორტის ისტორიაში პირველად ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ოლიმპიურ სახეობებში 4 მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე