ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის სხდომა გაიმართა
loader

Breaking news

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის სხდომა გაიმართა

  • ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის სხდომა გაიმართა

თბილისი: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მეორე დღე საკომიტეტო სხდომების რეჟიმში წარიმართა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე თავდაცვისა და უშიშროების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების და მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტების ფორმატში იმსჯელეს.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის სხდომა კომიტეტის თავმჯდომარემ ფილიპ ვიტელმა გახსნა. მან საქართველოს, როგორც მასპინძელ ქვეყანას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტის საქმიანობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

რუსეთის სამხედრო მოდერნიზაცია და მისი გავლენა შავი ზღვის რეგიონზე, იყო პრეზენტაციის თემა, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის სხდომაზე სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი მენაღარიშვილმა წარადგიანა. მომხსენებელმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა პროცესები მიდის რუსეთის არმიაში და რა მიზნები აქვს რუსეთს არმიის მოდერნიზაციის პირობებში.

მომხსენებელმა რუსეთის არმიის გაძლიერების პროცესის ხელისშემშლელ ობიექტურ წინააღმდეგობასა და გარემოებებზეც გაამახვილა ყურადღება და მათ შორის, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები, ნავთობის ფასი და უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ შემოღებული სანქციები დაასახელა. მან ასევე განმარტა, რომ კვლევა, რომელიც სტრატეგიული კვლევების ცენტრმა აწარმოა ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა და შესაძლოა რეალური მონაცემები კვლევაში მოყვანილ მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აჭარბებდეს.

ირაკლი მენაღარაშვილმა კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა რეალობა იქმნება ყირიმში. სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სირთულეების სიმწვავე და რიცხოვნობა, რომელიც ისედაც მრავლად იყო რეგიონში, რუსული პოლიტიკის გამო გაზრდილია.

ირაკლი მენაღარიშვილმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტს ინფორმაცია იმის თაობაზეც მიაწოდა, თუ რა ხება ე. წ. მოდერნიზაციის პროცესში სამხრეთ კავკასიაში.

მოხსენებაში რეგიონისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ მოდერნიზებულ რუსულ არმიაში პროპაგანდისა და კონტრპროპაგანდის ქვედანაყოფების შექმნა მოიაზრება. მომხსენებლის განცხადებით, ეს ფაქტიურად რეგიონში და მის ირგვლივ ობიექტური ინფორმაციის წვდომის შეზღუდვის სივრცეს ქმნის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„საქართველო არ არის იზოლირებული მოთამაშე. იგი, როგორც ნატო-ს პარტნიორი არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილი. ამასთანავე, საქართველო არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც ევროპის უსაფრთხოების ძალიან ბევრი მტკივნეული ნერვი მდებარეობს. და ამ ვითარებას დროული ანალიზი და დროული რეაგირება სჭირდება,“-განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

წარმოდგენილი მოხსენების თაობაზე კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარემ, ფილიპ ვიტელმა მომხსენებელს ინფორმაციული და დეტალური პრეზენტაციისთვის და საინტერესო ხედვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საკითხი, რომელიც მომხსენებელმა წარადგინა ძალიან მნიშვნელოვანია და სხვდასხვა ფორმატში რეგულარულად განიხილება და შეშფოთების თემას წარმოადგენს.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტმა, რომელიც თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე მომხსენებელს მოუსმინა. 

ევროპული თავდაცვითი კვლევებისა და განვითარების მომავალზე და ამ მიმართულებით საერთო ვალდებულებებიდან წარმოშობილ შედეგებზე მოხსენება დიკ ზანდემ წარადგინა. კომიტეტის წევრებმა ნატო-ს ტექნოლოგიური წინსვლის შენარჩუნების, სტრატეგიული ადაპტაციის, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის და აშლილი ტექნოლოგიების პოზიტიური და ნეგატიური ასპექტების შესახებ პრეზენტაციები მოისმინეს.

კომიტეტის წევრები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში საკვები და სასმელი წყლის უსაფრთხოებისა და კლიმატის ცვლილების მოსალოდნელ შედეგებზე მოხსენებებს გაეცნენ.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის სხდომაზე ყველა წარმოდგენილ პრეზენტაციასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.

საკომიტეტო მუშაობა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ხვალ დასრულდება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა ორშაბათს გაიმართება.

პლენარული სხდომის დასასრულს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე