კალაძის გზა: სამტრედია-კიევი-მილანი-თბილისი
loader

Breaking news

კალაძის გზა: სამტრედია-კიევი-მილანი-თბილისი

  • ფოტონოდარცხვირაშვილი

    ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი


თბილისი: წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან თბილისის მეათე და პირდაპირი წესით არჩეული მესამე მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე გახდა.

კალაძის თანაგუნდელები და პარტიის მხარდამჭერები მას აფასებენ, როგორც წარმატებულ ადამიანს და გამარჯვების სიმბოლოს. მომავალი მერის გამარჯვებები და წარმატებები კი ფეხბურთიდან დაიწყო.

კახა კალაძე 1978 წლის 27 თებერვალს სამტრედიაში დაიბადა. 11 წლის ასაკში კალაძემ სამტრედიის "ლოკომოტივის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე.

1993 წელს კახა თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადაც დებიუტი 1993–1994 წლების სეზონში ჰქონდა, 16 წლის ასაკში. კალაძემ 82 საჩემპიონატო მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. 

1998 წლის იანვარში კახა კიევის "დინამოში“ 280 000 ევროდ გადავიდა და 4–წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ორნახევარი სეზონის განმავლობაში მან 71 საჩემპიონატო შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. კალაძემ „დინამოსთან“ ერთდ ზედიზედ 3–ჯერ მოიგო ჩემპიონატი. მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის 1998–1999 წლების გათამაშებაში, სადაც „დინამომ“ გზიდან ჩამოიცილა მადრიდის „რეალი“ და ლონდონის „არსენალი“ და მიაღწია ნახევარფინალამდე, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან“ ორი თამაშის ჯამში 3–4 დამარცხდა.

2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, "მილანმა" მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. 9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ "მილანის“ წევრი. მილანში ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993-1997) და კიევის "დინამოში“ (1998-2001) თამაშობდა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ. იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი. 

კახა კალაძე პოლიტიკაში 2012 წელს "ქართულ ოცნებასთან" ერთად მოვიდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის დეპუტატი გახდა, საიდანაც მალევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა. 5 წლის განმავლობაში - 2012 - 2017 წლებში მას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. 

39 წლის კახა კალაძე "ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. მისი საარჩევნო სლოგანი იყო "თბილისი - სიცოცხლით სავსე ქალაქი".

კალაძეს დღემდე ხშირად ახსენებენ ორ ავტოგოლს, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას და "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას. ასევე ოპოზიცია ხშირად საუბრობს მის ბიზნესინტერესებზე თბილისში და არა მარტო თბილისში.

კახა კალაძე აცხადებს, რომ მან გაჭირვება გამოიარა და სწორედ ეს აძლევს მეტ შემართებას, რომ დაეხმაროს გაჭირვებულებს. 

"მე პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც თბილისში ჩამოვედი. სახლი არ მქონდა, გლდანში ვცხოვრობდი მამიდასთან. მაშინ თბილისის დინამოს მესამე გუნდში ვიყავი, რადგან იქ გამიშვეს როგორც ახალგაზრდა, რომელსაც არ ჰქონდა პერსპექტივა. გლდანიდან ყოველდღე მიწევდა სიარული, ჩავდიოდი ახმეტელის მეტროში, დიდუბის მეტროში ამოვდიოდი და ფეხით მივიოდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე.

ვარჯიშების მერე მამაჩემი მოდიოდა ხოლმე და ერთი პური მოჰქონდა. იქვე ერთი ჩვენი მეგობარი ადამიანი იყო, რომელსაც საცხობი ჰქონდა მაშინ, ყოველდღე ერთ პურს გვჩუქნიდა. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. გამიტეხავდა და ყველაზე დიდ ნაწილს მე მაძლევდა ხოლმე. მე ყველაფერს კარგად ვხვდებოდი, მეც ყოველთვის ასე ვცდილობდი, რომ ასე გამეკეთებინა. მე მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მომეცა შესაძლებლობა ეს გაჭირვება გამომევლო, რადგან დღეს უფრო მეტი შემართება მაქვს და სურვილი მაქვს ვისაც ყველაზე მეტად უჭირს იმათ დავუდგეთ გვერდში", - განაცხადა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის შეჯამებისას.

თბილისის მომავალი მერის ცხოვრებაში იყო დიდი ტრაგედია, 2001 წლის 23 მაისს, ფულის გამოძალვის მიზნით, გაიტაცეს კახა კალაძის ძმა, სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ლევან კალაძე. რამდენიმე წლიანი ლოდინის და ძებნის შემდეგ, ცხედარი 2006 წლის იანვარში ვაზისუბნის ხევში იპოვეს.

39 წლის ყოფილ ფეხბურთელს, ყოფილ დეპუტატს, ყოფილ მინისტრს და მომავალ მერს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. დეკლარაციის მიხედვით კალაძე ფლობს საცხოვრებელ სახელებსა და მიწის ნაკვეთებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც. ასევე არის რამდენიმე საწარმოს პარტნიორი საქართველოში და უკრაინაშიც. გარდა უძრავი ქონებისა, კალაძე ფლობს ძვირადღირებულ ავტომობილებს, ჰარლი დევიდსონის 3 მოტოციკლს, ასევე ელენე ახვლედიანისა და გუდიაშვილის ნახატებს. 

ასევე ცნობილია, რომ კახა კალაძეს მინისტრობის დროს მის კუთვნილ ანაზღაურებას მთლიანად ქველმოქმედებას ახმარდა.

თბილისის მერი 1991 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიშნებოდა. 2006 წლის 12 ოქტომბერს თბილისის მერი თბილისის საკრებულოს მიერ იქნა არჩეული. 2010 წლის 30 მაისს საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები გაიმართა. თბილისის მერი პირდაპირი წესით იქნა არჩეული.

თბილისის მერის თანამდებობები ეკავათ თამაზ ვაშაძეს - 1991 2 ოქტომბერი - 1992 6 იანვარი;  ოთარ ლითანიშვილი - 6 იანვარი, 1992 - 21 იანვარი, 1993;  კოტე გაბაშვილი - 21 იანვარი, 1993 16 ოქტომბერი, 1993;  ნიკოლოზ ლეკიშვილი - 16 ოქტომბერი, 1993 8 დეკემბერი, 1995;  5. ბადრი შოშიტაიშვილი 8 დეკემბერი, 1995 8 აგვისტო, 1998;  ივანე ზოდელავა - 10 აგვისტო, 1998 19 აპრილი, 2004;  ზურაბ ჭიაბერაშვილი - 19 აპრილი, 2004 - 12 ივლისი, 2005; გიგი უგულავა - 12 ივლისი, 2005 12 ოქტომბერი, 2006 30 მაისი, 2010, 12 ოქტომბერი, 2006 30 მაისი, 2010 22 დეკემბერი, 2013.

2013 წლის 22 დეკემბრიდან 2014 წლის 2 აგვისტომდე თბილისის მერის მოვალეობას სევდია უგრეხელიძე ასრულებდა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ თბილისის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით ნარმანია გახდა.

2017 წლის 21 ოქტომბერს თბილისის ამომრჩევლის უმრავლესობამ ნდობა კახა კალაძეს გამოუცხადა, რომელიც დედაქალაქს 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

"მზად ვარ, შრომისთვის და მზად ვარ იმისთვის, რომ ჩემს ქალაქს ვემსახურო. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან, ზეგიდან ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს გასაკეთებელ საქმეს გავაკეთებთ და ხვალინდელი თბილისი უკეთესი იქნება", - განაცხადა კალაძემ არჩევნების დასრულების შემდეგ.

"სიცოცხლით სავსე ქალაქი" - ამ სლოგანით დაიწყო კახა კალაძის საარჩევნო კამპანია, რით დაიწყება მისი, როგორც მერის საქმიანობა და იქნება თუ არა იგი წარმატებული მერი, მას შემდეგ გამოჩნდება, რაც არჩევნების შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება და კალაძე უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება. 

Front News International, თბილისი


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე