სუფთა ტილოდან - როგორ გახდა ქართველი მხატვარი ჯაფარიძეთა დინასტიიდან უკრაინელი
loader

Breaking news

სუფთა ტილოდან - როგორ გახდა ქართველი მხატვარი ჯაფარიძეთა დინასტიიდან უკრაინელი

  • სუფთა ტილოდან - როგორ გახდა ქართველი მხატვარი ჯაფარიძეთა დინასტიიდან უკრაინელი
  • სუფთა ტილოდან - როგორ გახდა ქართველი მხატვარი ჯაფარიძეთა დინასტიიდან უკრაინელი
  • სუფთა ტილოდან - როგორ გახდა ქართველი მხატვარი ჯაფარიძეთა დინასტიიდან უკრაინელი
  • სუფთა ტილოდან - როგორ გახდა ქართველი მხატვარი ჯაფარიძეთა დინასტიიდან უკრაინელი
  • სუფთა ტილოდან - როგორ გახდა ქართველი მხატვარი ჯაფარიძეთა დინასტიიდან უკრაინელი
  • სუფთა ტილოდან - როგორ გახდა ქართველი მხატვარი ჯაფარიძეთა დინასტიიდან უკრაინელი

კიევი: "მე დავიწყებ სუფთა ტილოდან, კარგი?“ - თითქოს კითხვით, თან მტკიცედ ამბობს გიორგი ჯაფარიძე და უკვე იწყებს მომდევნო ნახატისთვის სათანადოდ გამზადებული ცარიელი სივრცის ფერებით შევსებას. ყვითელი ლაქები, რომლებიც პირველი ჩნდებიან ტილოზე, თანდათან ბაბუაწვერებად გადაიქცევიან. ასევეა გიორგიც, რომელიც 1993 წელს თბილისიდან უკრაინაში  ჩამოვიდა, ისიც ნელნელა შეერწყა კიევური მხატვრობის სამყაროს და საკუთარი შთაგონების წყაროდ უკრაინის პეიზაჟები აქცია.

რამდენად ღრმად აქვს გადგმული ქართული ფესვები უკრაინულ მიწაზე გიორგის, - ამის შესახებ მხატვარი  Front News International-ის კორესპონდენტს ესაუბრა.

ტილოზე საღებავების მსგავსად, გიორგი ჯაფარიძე საუბრში შერეულად იყენებს რუსულ და უკრაინულ სიტყვებს, ხანაც რაღაცას ემოციურად ქართულ ენაზე დასძენს. გვეპატიჟება სახლში და გვთხოვს ფეხზე არ გავიხადოთ. პირველი გიორგი მეუღლე ნატალია გვეგებება, სახლის უფროსი კი ყავას გვიმზადებს საკუთარი რეცეპტით. ნატალია სტუმრებს მეუღლის ნამუშევრებს გვაცნობს, თანმიმდევრობით გვიყვება თითოეულ ნახატზე, რომლებიც მისაღებ ოთახს ამშვენებენ, გიორგი მათ ამავე ოთახში ქმნის.


- სახელოსნო არ გვაქვს - გიორგი ყველაფერს აქ, ფანჯარასთან ხატავს. აი, მაგალითად, რამდენიმე დაუსრულებელი ნახატი - „მუზა“, „ზამთარი“, „მევიოლინე“. ეს კი ჩვენი საერთო ნოსტალგია „კავკასიის მთები“-ამბობს ნატალია და გვითითებს კიდევ ერთ დაუსრულებელ, მაგრამ თითქოს ცოცხალ ნახატზე. თოვლით დაფარული მთები, იმდენად გადმოსცემენ რეალობის შეგრძნებას, რომ გინდა მათ მიუახლოვდე და ქათქათა საფარიდან თოვლის გუნდა ჩამოაგორო. 

- თქვენც ხატავთ?- ვკითხეთ ნატალიას.

- მე არ ვარ პროფესიონალი მხატვარი. მე ვხატავდი სანამ გიორგის გავიცნობდი, მაგრამ უფრო რეალისტურ ნახატებს. მერე კი, ფრანგულმა იმპრესიონიზმა გამიტაცა. მაგალითად, გიორგის ნახატებში მრავლად შეიმჩნევა გულუბრყვილო პრიმიტივიზმი.  როცა პირველად გამოჩნდა მისი ნახატები ანდრეევსკის დაღმართზე, სადაც ის მათ ყიდის, ისინი, ვინც არ იცოდა ხელოვნების ასეთი ჟანრის არსებობის შესახებ, მათ „მულტიპლიკაციურ ნაშრომებს“ უწოდებდნენ. გესმით? - როცა ნახატი რეალიზმის სტილშია, ყოველ დღე ხედავ ერთი და იგივეს. ექსპრესიონიზმზე, იგივე პრივიტიმიზმზე, უყურებ ნამუშევარს და ყოველ ჯერზე მასში რაღაც ახალს ამჩნევ, ხასითიც კი იცვლება. 

ამ დროს გიორგი ყავით და ტკბილეულით შემოგვიერთდა. მის მაგიდაზე ჭურჭლის განლაგებაც კი ხელოვნების ნიმუშს ჰგავს. 

- თქვენ მიირთვით, ჩემთვის და ნატალიასთვის არ შეიძლება - სულ ცოტა ხნის წინ ორივემ საკმაოდ რთული ოპერაციები გადავიტანეთ, - ბოდიშს იხდის გიორგი და აგრძელებს ბაბუაწვერების ხატვას.


- უკვე ოქტომბერია, თქვენ კი ბაბუაწვერებს ხატავთ...

- მე ძალიან მიყვარს თბილი ფერები. ახლა გაზაფხულია, ფოთლები გაყვითლდნენ და მეც ბაბუაწვერაზე ვიფიქრე, მინდოდა ყაყაჩოები დამეხეტა, მაგრამ გადავიფიქრე.

ნამდვილად, გიორგის ყველა ნამუშევარი თბილი ფერებით გამოირჩევა, ძველი თბილისის, ქართული სახლები მყვირალა-წითელი სახურავებით, უკრაინული, ოქროსფერი ხორბალი, თუნდაც ცისფერი ცა რაღაცნაირად თბილია. გამოირჩევა ასევე ხასიათით, განსაკუთრებით ნახატი „უკრაინა+საქართველო“.

- ნახატი ქართულ უკრაინულ მეგობრობაზეა, ეს ხომ ის ორი ქვეყანაა, რომელთაც ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ და არასდროს არავის არ დასხმიან თავს, მხოლოდ იცავდნენ საკუთარ ტერიტორიებს. ამით ქართველები და უკრაინელები ძალიან გვანან ერთმანეთს - სხვისი ჩვენ არაფერი გვინდა, მაგრამ საკუთარს ბოლო წუთამდე დავიცავთ. 

ამ მეგობრული ნახატის ცენტრში არის სახლი-დოქი, რომელიც სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს წარმოადგენს, ეს ასევე ნიშნავს ღვინოს, რადგან საქართველო სწორედ ამ სასმელით არის ცნობილი. აქვე გამოსახულია ორი ეკლესია - უკრაინული და ქართული. ასევე შეგიძლიათ იხილოთ მანქანა უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში, რომელიც საქართველოს ქუჩებზე მოგზაურობს - ეს არის საქართველოს ღიაობის მკაფიო მინიშნება.

სურათებიდან, რომლებშიც პოლიტიკურ შეხედულებებზე მინიშნება იგრძნობა, თვალი უნებლიედ უფრო იდეულოგიური ქვეტექსტის მქონე ნამუშევარზე გადადის-გობელინი ორი ბელადის, ლენინის და სტალინის გამოსახულებით, რომლებსაც მხრებზე ორი მაიმუნი-პავიანი ეხვევიან.

- ეს გობელენი უკვე დაკარგული, ძველი ტექნოლოგიით შეიქმნა, რომელიც ჩემმა ოჯახმა აღადგინა - მამაჩემმა, ჩემმა ძმამ და დამ. ამ გობელენისთვის საჭიროა ცხვრის უხეში ბეწვი. მე შევეცადე უკრაინაშიც შემექმნა მსგავსი რამ, მაგრამ შესაბამისი მასალა აქ ძალიან რბილია და არ გამოდგება. ამ სურათზე ვხედავთ  ვხედავთ ორ ლიდერს, ორ კერპს, რომელთა პრინციპებმა ათობით მილიონი ადამიანი  დაღუპა. მე არ მომწონს არაფერი, რაც საბჭოთა კავშირს უკავშირდება. აქ შევეცადე გადმომეცა სწორედ ეს.

- და რას ნიშნავს ეს მაიმუნები ნახატზე?

- ეს მაიმუნთა ყველაზე აგრესიული ჯიშია. ისინი აქ შემსრულებლის როლში არიან. თვითონ ბელადები გისოსების გარეთ არიან, თუმცა მის შიგნით უნდა იყვნენ. გისოსები თითქოს გადაბრუნებული ჯვრებისგან არის გაკეთებული -როგორც უამრავი წართმეული სიცოცხლის სიმბოლო. გობელენის დაბლა ჩანს შავი ყუთი სისხლიანი ნამგლით და უროთი. ყუთი დგას რკინის თათების გვერდით, გალიის დაბლა-ისინი იჭერენ ყველას, ვისაც გაქცევა უნდა. ამ ნამუშევრის ყიდვის სურვილი ბევრს ჰქონდა, მაგრამ მე გადავწყვიტე ეს მოგონებები ჩემთვის დამეტოვებინა. 

- თქვენ უკვე დიდი ხანია, უკრაინაში ცხოვრობთ, მაგრამ თქვენს ნახატებში მაინც ქართული კოლორიტი სჭარბობს. და მაინც, რა უფრო მეტია თქვენს ცხოვრებაში - ქართული თუ უკრაინული?

- მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საქართველოდან არც კი წამოვსულვარ. მე პატივს ვცემ ქვეყანას - უკრაინას, რომელმაც მიმიღო, მაშინ როცა მე ეს მჭირდებოდა. პირველივე დღიდან ვსწავლობ უკრაინულ ენას, თუმცა ლამაზად საუბარი ჯერ მაინც არ გამომდის. ალბათ, იმიტომ, რომ კიეველების უმეტესობა რუსულად საუბრობს.  მქონდა შემთხვევები, როცა ისინი, მე, ქართველს მეკითხებოდნენ  როგორ წარმოითქმის ესა თუ ის სიტყვა უკრაინულად.

- ასევე, ის ძალიან ლამაზად ამბობს „шо“ (უკრაინულიდან ნიშნავს რა-ს),- ხუმრობით დასძენს ნატალია. მას ასევე ბევრი ნატიურმორტი აქვს უკრაინული სალათი და სამოგონით. 


- როგორ მიიღეს თქვენი შემოქმედება უკრაინაში, კერძოდ ანდრეევსკის დაღმართზე?

- კარგი შეკითხვაა. როცა მე ჩემი ნამუშევრებით კიევის ქუჩებში გამოვჩნდი, მაშინ იქ მხოლოდ სამი მხატვარი იდგა. ახლა კი იმდენია, რომ ზოგჯერ ჩემთვის ადგილს ვერ ვპოულობ. ადრე, როგორც კი გამოვიდოდი ეგრევე ყიდულობდნენ ჩემს ნახატებს, ხატვას ვეღარ ვასწრებდი. ახლა კი, ზოგჯერ კვირაში სამ ნახატს თუ შეიძენენ, ხანდახან კი გარკვეული პერიოდი საერთოდ არაფერი არ იყიდება. 

- ცნობილი სახეები თუ ყოფილან თქვენი ნახატების მყიდველები? 

- იყვნენ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები. ვიცი, რომ ჩემი ნახატები სხვადასხვა ქვეყნებშია მიმოფანტული. მოხდა ისე, რომ მომიწია უკრაინელი დეპუტატებისთვის თხოვნით მიმემართა, როცა მეუღლე ავად გამიხდა. ერთ-ერთი, ვინც გამომეხმაურა, იყო ანდრეი ტეტერუკი. ძალიან დამეხმარა, არც კი ველოდი. ეგორ სობოლევიც ყიდულობდა ჩემს ნახატებს.

 ამ ისტორიების მოყოლისას გიორგი გვაჩვენებს ცნობილ ადამიანებთან გადაღებულ ფოტოებს. მათ შორის არის ფოტო საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან. 

- სააკაშვილმაც შეიძინა თქვენი ნახატი?

- არა, მაგრამ მე მას ვაიძულებ, - ხუმრობს გიორგი.

მაგრამ მიუხედავად ამ ფოტოებისა, გიორგი ჯაფარიძე სკეპტიკურად არის პოლიტიკის მიმართ განწყობილი, გულწრფელად განიცდის ორივე მშობლიურ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.  „ევრომაედანის“ დროს 2014 წელს ის რეგულარულად იკარგებოდა მოვლენათა მორევში და არასდროს არ ივიწყებდა მთავარ ატრიბუტს-ქართულ ეროვნულ დროშას. 

- აი, ისიც, მთელი რევოლუცია გამოიარა. კვამლის სუნი იმდენად ჰქონდა გამჯდარი, ვერც გარეცხვამ უშველა. 


გიორგიმ სათუთად გადმოიღო კარადიდან სწორედ ის ქართული დროშა და მხრებზე მოიფარა.

-აი, ასე გამოვიარე მასთან ერთად, მთელი "მაედანი“.

ჩვენი მასთან შეხვედრა ანდრეევსკის დაღმართზე სრულდება, სადაც მან გამყიდველებს ნახატების გავრცელება და გაყიდვა დააბარა. მათი ამოცნობა ძალიან იოლია, გიორგის ნახატების უმეტესობას არა აქვს ჩარჩოები, რადგან მყიდველს მიეცეს საშუალება საკუთარ წარმოდგენაში შეავსოს საღებავებით გადმოცემული მომენტები. 


რა თქმა უნდა, გიორგი ჯაფარიძის ხელოვნებას ამშვენებენ თბილი ფერები, სასიამოვნო ცხოვრებისეული სიუჟეტები და უამრავი ისეთი დეტალი, რაც ძალიან დიდი პოზიტივს გადმოსცემს.



ტექსტი: ვიტალია მაზური, ვიდეო: დიანა კოლოდიაჟნაია


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე