ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ციფრული საწარმოების პრეზენტაცია გაიმართა
loader

Breaking news

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ციფრული საწარმოების პრეზენტაცია გაიმართა

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ციფრული საწარმოების პრეზენტაცია გაიმართა

თბილისი: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველთან მაია მელიქიძესთან ერთად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ციფრული საწარმოების პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ტრენინგების მონაწილეებმა შექმნეს.

ტრენინგები ციფრული მეწარმეობის განვითარების მიზნით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 85 ბენეფიციარი გადამზადდა მობილური აპლიკაციების, ვირტუალური რეალობის, კომპიუტერული გრაფიკისა და დიზაინის მოდულებში. მათ მიერ შექმნილი ციფრული საწარმოები და პროდუქტები მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას იძლევა.

„ციფრული მეწარმეობის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ  შექმნან ციფრული საწარმოები, შექმნან ციფრული მეწარმეობის კონცეფცია - სწორედ კომპიუტერიდან, სახლიდან გაუსვლელად, ქსელში ჩართულებმა შეძლონ ახალი საწარმოების შექმნა, შეძლონ შემოსავლის მიღება და შეძლონ თვითდასაქმება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ბიზნესის და ტექნოლოგიების თანწყობა ყოველთვის იძლევა საშუალებას ეკონომიკამ მიიღოს მეტი შემოსავალი. სწორედ ეს არის ამ პროექტის იდეა და ბუნებრივია ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნული პროექტის მხარდაჭერას", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პროექტის მონაწილეებმა პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ციფრული საწარმოები - ციფრული მედიისთვის განკუთვნილი 3D გრაფიკაში შექმნილი ვიდეო პროდუქტები; მცირე საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციისათვის საჭირო მობილური აპლიკაციები; მობილური თამაშების დეველოპმენტის პროცესი ვირტუალური რეალობის გამოყენებით. ციფრული მეწარმეობის კურსის დასრულების შემდეგ ბენეფიციარები თავად განკარგავენ პროექტის ფარგლებში შექმნილ ციფრულ საწარმოებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე